პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო

სამი მომხრე, ორი წინააღმდეგი – პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით კენჭისყრაზე ჩააგდო.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღების საჭიროება აღარ დგას და საკანონმდებლო ორგანო მსგავს კანონს აღარ მიიღებს, რადგან ევროკავშირის მხრიდან ეს მოთხოვნა მოხსნილია.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შევთანხმდით, რომ კანონის გზით შესაძლებელია, ეს საკითხი არ დარეგულირდეს და მთავრობის მეშვეობით ახლო პერიოდში დამტკიცდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე კონსულტაციის შედეგად იქნება დამტკიცებული. შესაბამისად, სჯობს საკითხი სწორედ ამ ფორმით დარეგულირდეს. ჩვენი „ნოუჰაუ“ არ ყოფილა საკითხის ამ ფორმით მოწესრიგება, ჩვენ თავიდანვე ვიყავით იმ პრინციპის ერთგული, რომ თავად ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან იყო მოწონებული უკრაინაში ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ჩვენ გავყევით სწორედ ევროკავშირში აპრობირებულ გზას, ევროკავშირის მიერ მოწონებულ მიდგომას, თუმცა ვენეციის კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან კონსულტაციის შედეგად რადგან არის შემოთავაზება, რომ ეს საკითხი კანონის გზით არ მოწესრიგდეს და შესაბამისი სამოქმედო გეგმით დარეგულირდეს, გთავაზობთ, რომ ამ საკითხს კენჭისყრის დროს მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.