პარლამენტმა 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 76 დეპუტატმა, რვა კი წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტში საშემოდგომო სესიის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტს 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

„მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში“ მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იყენებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას.

სესიაზე დოკუმენტის განხილვა საკმაოდ კრიტიკული კითხვების ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის ოპოზიციის დეპუტატები დაინტერესდნენ იმითაც, აპირებდა თუ არა კობა გვენეტაძე დაკავებული თანამდებობის დატოვებას. გარდა ამისა, კითხვები ძირითადად ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს და ლარის კურსის ცვლილებას ეხებოდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, მომდევნო წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რამაც შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გამოიწვიოს, თუმცა მისივე განმარტებით, ფასების კლება სტაბილური ეპიდვითარების პირობებში უკვე გაზაფხულიდან დაიწყება.