პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ. ყოველწლიურ ანგარიშს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია წარადგენს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ომბუდსმენის მიერ გაცემული 303 რეკომენდაციიდან პარლამენტის დადგენილების პროექტში ასახულია 228 რეკომენდაცია, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ის მიმართულება გამოვკვეთოთ სესიაზე, მსჯელობა გავმართოთ, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოადგინა როგორც დადებითი ტენდენციების თვალსაზრისით, ასევე გამოწვევების თვალსაზრისით. მთავარი ანალიზი, რისი გაკეთების უფლებასაც ეს ანგარიში პირადად, სუბიექტურად მაძლევს, არის ის, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენ გვაქვს სოციალური და ეკონომიკურ უფლებების დაცვის კუთხით, რის შესახებაც ბოლო ორი წელია ხმამაღლა ვსაუბრობთ. გვაქვს სერიოზული წინსვლა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით, რადგან ძალიან ცოტა რეკომენდაციაა ამ კუთხით, მაგრამ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გვაქვს, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ სწორედ სოციალური და ეკონომიკური კუთხით”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღებას ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების არასაკმარის გამოძიებაზე ამახვილებენ.

სერგო რატიანის თქმით, რიგგარეშე სესიაზე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებითაც დასვამენ კითხვებს.

„სახალხო დამცველს ანგარიშში აქვს საკმაოდ ბევრი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, მაგალითად მუხთარლის საქმესთან მიმართებაში არის ძალიან სერიოზული გამოწვევები, ასევე პოლიტიკური დევნაზე ვანო მერაბიშვილის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, ასევე მედიათავისუფლებასთან მიმართებაში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების არასაკმარისი გამოძიება, იგივე კითხვები რასაკვირველია გვაქვს ჩვენც”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში 347-გვერდისგან შედგება და 2017 წელს მოიცავს.