შალვა პაპუაშვილი - განსაცვიფრებელია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობები, პოლიტიკური აგიტაცია არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში არ ჯდება
შალვა პაპუაშვილი - განსაცვიფრებელია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობები, პოლიტიკური აგიტაცია არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში არ ჯდება

განსაცვიფრებელია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ბოლო პერიოდის აქტივობები, განსაკუთრებით მათი, რომელთაც პრეტენზია აქვთ, არჩევნების დროს დამკვირვებლები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ხომ არ განიხილავს არჩევნებში ჩარევის მცდელობად არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას „ლელოსთან“ შეხვედრას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე, რომლის ჩანაწერიც შემდეგ გავრცელდა, იხილეს, რაზე იყო იქ საუბარი, რაც „პოლიტიკური აგიტაციაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ცხადი დარღვევა ნეიტრალობის პრინციპის“.

„დამკვირვებლის მიმართ არსებობს ნეიტრალობის ვალდებულება, რაც ეუთო/ოდირ-ის სტანდარტია. არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში, პრინციპში არ ჯდება, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაცია მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს პარტიებთან ერთად და პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა; შერჩეულ პარტიებს პლატფორმას აძლევს პოლიტიკური აგიტაციისთვის; თავად არის ჩართული პოლიტიკურ აგიტაციაში; ახდენს არჩევნების დისკრედიტაციას. შეხვედრაზე, რომლის ჩანაწერიც შემდეგ გავრცელდა, ვნახეთ, რაზე იყო საუბარი. ჩვეულებრივი პოლიტიკური აგიტაციაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ცხადი დარღვევა ნეიტრალობის პრინციპისა. პირდაპირი, უაპელაციო საუბარი იყო რაღაც მოსალოდნელი გაყალბების შესახებ, რაც არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობაა, ასევე დამკვირვებლის ნეიტრალობის პრინციპის დარღვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.