პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია სურდო-თარგმანით გადაიცემა
პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია სურდო-თარგმანით გადაიცემა

გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პარლამენტის სასწავლო ცენტრში პარლამენტის აპარატის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ჟესტური ენისა და დაქტილის შესასწავლი ტრენინგი გაიმართა.

სასწავლო კურსის მონაწილეებს პარლამენტის აპარატის უფროსი მიესალმა და ტრენინგით გათვალისწინებული თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პარლამენტი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, სადაც ჟესტური ენისა და დაქტილოლოგიის შესწავლის პროცესი იწყება. ძალიან გვეიმედება, რომ ეს პროცესი მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა იმ პროცესებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს და მომავალშიც იქნება. ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქისთვის პარლამენტი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად გახდეს ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელი იყოს მათთვის გარკვეული ინფორმაციის მიღებაც“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა გაერო-ს განვითარების პროგრამის კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რაც მათი მხრიდან პარლამენტის მიერ გამოთქმულ ინიციატივას მოყვა.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, პარლამენტის ინიციატივა ორ მიმართულებას მოიცავდა და შეეხებოდა როგორც პერსონალის გადამზადებას, ასევე „მწვანე პარლამენტის“ კონცეფციის დანერგვას და ექსპერტულ დახმარებას.

ტრენინგის გახსნით ნაწილში პარლამენტის აპარატის უფროსმა კიდევ ერთი სიახლის დანერგვის თაობაზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია სურდო-თარგმანით გადაიცემა. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რათა უფრო მეტი აუდიტორია მოვიცვათ და ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ, გაეცნონ პარლამენტში მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.