პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს განიხილავენ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მარიხუანას მოხმარების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას ითვალისწინებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.
ცვლილებების თანახმად, ახლებურად ხდება მარიხუანას მოხმარებისთვის სანქციების დადგენა და შესაბამისი აკრძალვების დაწესება, თუ რა ვითარებაში და სად შეიძლება ჩაითვალოს მოხმარება პირად სივრცეში მოხმარებად და სად – არა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს მარიხუანას მოხმარების აკრძალვას 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ასევე ყველა იმ პირის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, ვინც ამ კუთხით 21 წლამდე პირების წახალისებას შეეცდება. მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარება აიკრძალება საჯარო სივრცეებში.
„განიხილება აკრძალვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სივრცეში იკრძალება კანაფის ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, ხოლო საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც საჯარო დაწესებულებებში დაუდგინდებათ ასეთი ფაქტი, უფრო მაღალია სანქცია. ასევე, არის რეგულაციები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც განსაზღვრავს, რომ ავტომობილებისა და ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას არ შეიძლება არც ერთი სახის ნარკოტიკული ნივთიერებების, ფსიქოტროპული თუ ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. თუ დადასტურდა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგინდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცვლილებების მიხედვით, 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანას მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1000-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება.
საკანონმდებლო ცვლილებებს „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ უჭერს.