პარლამენტის განათლების კომიტეტი მანდატურის სამსახურის რეფორმირების კანონპროექტზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დღეს მანდატურის სამსახურის რეფორმირების კანონპროექტს განიხილავენ.
კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში ჯერ დარეგისტრირებული არ არის, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სამუშაო ვერსიის განხილვა კომიტეტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე მოხდება.
შეხვედრას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„სკოლის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც განხილვებს წელს ჩვენ ძალიან სერიოზულ რესურსს და დროს დავუთმობთ. მანდატურის რეფორმა სკოლის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში, ყველა კომპონენტის და პოზიციის მაქსიმალურად შეჯერებით, ყველა საჭირო ცვლილების გატარებას დავუჭერთ მხარს, რათა ჩვენი შვილების უსაფრთხოება როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის მიღმა გაძლიერებული იყოს“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გუშინ განიხილეს.