ლია გიგაური - მანდატურს რისკების გაცნობიერება უნდა შეეძლოს, მოსამზადებელი კურსი პრაქტიკაზე იქნება ორიენტირებული
ლია გიგაური - მანდატურს რისკების გაცნობიერება უნდა შეეძლოს, მოსამზადებელი კურსი პრაქტიკაზე იქნება ორიენტირებული

ვინაიდან განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა პრევენცია, მოსწავლეების ინფორმირება და რისკების გაცნობიერებაში დახმარებაა, ადამიანი, რომელიც სკოლაში უსაფრთხოებას იცავს, უფრო მაღალი განათლების მქონე უნდა იყოს, ვიდრე ზოგადი განათლებაა. ამასთან, მანდატურს მეტი უნარები უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იცვლება არამხოლოდ გადამზადების კურსის შინაარსი და ხანგრძლივობა, არამედ – ზოგადად, მანდატურის მოსამზადებელი კურსი, რომელიც პრაქტიკაზე იქნება ორიენტირებული. იმისთვის, რომ პირი მანდატური გახდეს, მან საკმაოდ ხანგრძლივი მომზადების კურსი უნდა გაიაროს და მანდატური მხოლოდ სერტიფიცირების შემდეგ გახდეს“, – განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება და მანდატურებს პროფესიონალები მოამზადებენ. 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკობრივი ფსიქოლოგიის ცოდნა და სხვადასხვა ქცევითი დარღვევების დროული იდენტიფიკაცია. მანდატურს რისკების გაცნობიერება უნდა შეეძლოს“, – განაცხადა გიგაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ხარჯები დათვლილი, ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახურს განვითარებისთვის საკუთარი ბიუჯეტი აქვს, რომელიც ახალ პროექტს ნაწილობრივ დაფარავს.

„თუმცა, იმის გამო, რომ პროექტის დანერგვის მიმართულებით გაცილებით მეტი აქტივობები ჩავდეთ, რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი საკმარისი არ იქნება და ჩვენ თანხების მობილიზებას მოვახდენთ. სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დამონტაჟება ყველა სკოლაში ერთი წლის განმავლობაში არ მოხდება, რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სკოლების აღჭურვა ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.