პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა მ.კ. გამოკითხეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა მ.კ. გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა მ.კ.-ს გამოკითხეს. რა ინფორმაცია მიაწოდა მათ მ.კ.-მ, კომისიის წევრები არ საუბრობენ.

კომისიის წევრის სოფო კილაძის განცხადებით მ.კ.-სა და ა.ს.-ს ჩვენებებს შორის გარკვეული უზუსტობები იყო.

„ეს ორივე ბავშვი, ა.ს. და მ.კ. როგორც გარედან შეუიარაღებული თვალით ჩანს, ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არიან. გარკვეული უზუსტობები იყო. ამ ორის ჩვენებას შორის გარკვეული უზუსტობები იყო. თუმცა ეს კიდევ ცალკე გამოკვლევას საჭიროებს. ცდომილებები მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ამ ორი ბავშვის მონათხრობს შორის იყო გარკვეული აცდენები. გარკვეულ მომენტში ერთმანეთის ნათქვამთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომისიის კიდევ ერთი წევრის ოთარ კახიძის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

„საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია ძალაში რჩება, მაგრამ რაც შეეხება დაკითხვის შინაარსს, ვერც დასმულ კითხვებზე და ვერც მიღებულ პასუხებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე, 51 პირი გვყავს უკვე გამოკითხული და ეს პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება კომისიის ოფიციალურ შემაჯამებელ დოკუმენტს, მას შევიმუშავებთ და გამოვაქვეყნებთ მიმდინარე წლის სექტემბერში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ მ.კ.-სთვის მოგვესმინა და გაეცა პასუხები კითხვებზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, მ.კ. სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს.