პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, მ.კ-ს გამოკითხავენ
პირველი არხის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, მ.კ -ს გამოკითხავენ.
კომისიის წევრები ამ ინფორმაციას წინასწარ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მ.კ. პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს მ.კ-ს მიმართ შუალედური რეკომენდაცია აქვს ინიცირებული. ამ რეკომენდაციის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარემ მთავარ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე.
მ.კ. ამჟამად სრულწლოვანია. ის 18 წლისაა, თუმცა გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარის ფაქტის დროს ის 17 წლის იყო.
მ.კ-ს გარდა, კომისიის წევრები იმ არასრულწლოვან მოწმეებსაც გამოკითხავენ, რომლებიც გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ.
საერთო ჯამში, დაგეგმილია ოთხი პირის გამოკითხვა. მათგან ორი უკვე გამოიკითხა კომისიის მიერ, თუმცა დღეს დეპუტატები მოწმეებს დამაზუსტებელ კითხვებს დაუსვამენ.