პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი შენობების ენერგოეფექტიანობის კანონში ცვლილებებზე დამატებით კონსულტაციებს ითხოვს
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი ახალი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დამატებითი კონსულტაციების გამართვას ითხოვს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ
წარადგინა, კომიტეტის გადაწყვეტილებით კი, საკითხის განხილვა და კენჭისყრა გადაიდო. კომიტეტმა მთავრობისგან დამატებითი კონსულტაციების გამართვა სამუშაო ფორმატში მოითხოვა და მიზეზად საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღება დაასახელა.
კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანას ახალი შენობების ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით გამოცდილება არ აქვს. შესაბამისად, კანონპროექტის პრინციპი ისე უნდა იყოს დახვეწილი, რომ ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება არ გაჩნდეს.
„საქმე გვაქვს თემასთან, რომელიც არავინ ვიცით. დრაფტი გაგვაცანით, დეტალები სამუშაო რეჟიმში უნდა გავარკვიოთ. დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, რადგან არ ვიცით, რა ველში შევდივართ. პრინციპები დაგვიკონკრეტეთ, ან დავსხდეთ და ნორმატიული აქტი გაგვაცანით. 2029 წელი მალე მოვა და უნდა ვიცოდეთ, პრინციპი რა არის“, – განაცხადა კაკულიამ.
ცვლილებებით, საქართველოში 2029 წლიდან ყველა ახალი შენობისთვის თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება. კანონპროექტი განმარტავს, რომ თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარებისაა შენობა, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ენერგოეფექტიანობა, ენერგიის თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული განახლებადი ენერგიის წყაროებიდან.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე გავრცელდება. მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას შენობის გარსის ზედაპირის 25 პროცენტზე მეტის რეკონსტრუქცია წარმოადგენს.
მოთხოვნების ნაწილში ნათქვამია, რომ საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მოთხოვნები სულ მცირე – გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს შეეხება.
გარდა ამისა, სავალდებულო ხდება მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება. კანონპროექტი ცალსახად განსაზღვრავს, რომ შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება მესაკუთრის ვალდებულებაა და დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებაც. კერძოდ, ცვლილებებით, 20 კვტ-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის მქონე გათბობის ქვაბის და 12კვტ-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის კონდიცირების სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები რეგულარული ინსპექტირების ობიექტებს წარმოადგენენ, ხოლო გათბობის სისტემა, რომელსაც 100 კვტ-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის გათბობის ქვაბი აქვს, ინსპექტირებას ექვემდებარება ორ წელიწადში ერთხელ, გაზზე მომუშავე გათბობის ქვაბი – ოთხ წელიწადში ერთხელ.