პარლამენტის ბიუროს მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი წარედგინება
პარლამენტის ბიუროს მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი წარედგინება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილება.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სასკოლო ღონისძიებების დროს მძღოლებს მოსწავლეების გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას წარადგენენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილება საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განათლების დაწესებულებებში მთავრობის უფლებამოსილებას გარკვეული ტიპის საფასურების დაწესების თაობაზე.

„პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირებულია ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. ეს გახლავთ კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას. იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილია რაიმე ტიპის სასკოლო ღონისძიებები, ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების კუთხით მძღოლებს წარსადგენი ექნებათ გარკვეული ტიპის დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდგომ ექნებათ მოსწავლეების გადაყვანის საშუალება. ასევე, იქნება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განათლების დაწესებულებებში მთავრობის დისკრეციას, ანუ უფლებამოსილებას, რომ გარკვეული ტიპის რეგულაციებზე, ამ შემთხვევაში მომსახურებაზე ან კანონით გათვალისწინებული უფლებების მიღებაზე გარკვეული ტიპის საფასურები დააწესოს. საუბარია უფლებების შეძენაზე. პროფესიული განათლების შესახებ კანონის მიხედვით დაწესებულებს აქვთ გარკვეული უფლებების მიღების საშუალება სხვადასხვა პროფილის განვითარების მიმართულებით და მთავრობას გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, ჰქონდეს ასეთი ტიპის დისკრეცია“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.