კახა კუჭავა - ზოგიერთ კომიტეტში შესაძლოა, წევრთა რაოდენობა შეიცვალოს, მაქსიმალურად შევეცადოთ, ყველას მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ
კახა კუჭავა - ზოგიერთ კომიტეტში შესაძლოა, წევრთა რაოდენობა შეიცვალოს, მაქსიმალურად შევეცადოთ, ყველას მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ვინაიდან ოპოზიციური ფრაქციებისგან იყო წევრობის მოთხოვნა იურიდიულ, საფინანსო, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა კომიტეტთან დაკავშირებით, შესაძლოა, ზოგიერთ კომიტეტში წევრთა მაქსიმალური რაოდენობა გაიზარდოს.

კახა კუჭავას განმარტებით, დღეს დამტკიცდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის კომიტეტის წევრთა რაოდენობა და კვოტები, თუმცა შემდეგში ასევე განიხილავენ ცვლილებებს, რომლითაც კომიტეტებში რაოდენობა შესაძლოა, შეიცვალოს.

კუჭავას თქმით, მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, დააკმაყოფილონ ყველას მოთხოვნა, რომ კომიტეტებში იმუშაონ.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის კომიტეტის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობა, კვოტები. ვიდრე დავამტკიცებდეთ, მე ვიცი, რომ იყო გარკვეული განხილვები, ფრაქცია „ლელოს“, სხვა ფრაქციებსაც სურვილი აქვთ, რამდენიმე კომიტეტში მოხვდეს უფრო მეტი წარმომადგენლობა.

იურიდიული, საფინანსო, განსაკუთრებით მოთხოვნა იყო საგარეო საქმეთა კომიტეტთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ამას დავამტკიცებთ, თუმცა როგორც ვიყავით შეთანხმებული, აუცილებელი იქნება ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. შეიძლება, ზოგ კომიტეტში წევრთა მაქსიმალური რაოდენობა გაიზარდოს, ან შემცირდეს, თუმცა ეს საჭიროებს განხილვას. საგაზაფხულო სესიებს დავასრულებთ ისე, როგორც არის წარმოდგენილი და შემდეგ განვიხილავთ ცვლილებებს, რომლითაც კომიტეტებში რაოდენობა შეიძლება, შეიცვალოს და მაქსიმალურად შევეცადოთ, დავაკმაყოფილოთ ყველას მოთხოვნა, რომ კომიტეტებში იმუშაონ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ მიმართულებით პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების გამართვა მოუწევთ.

„დათმობების პრეცედენტი ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს რეგლამენტიდან ახალი პრინციპის შესაბამისად, ამიტომ მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს, რა შეიძლება გავაკეთოთ. თუ არის საჭირო ამასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილება, ან ვთქვათ გარდამავალში დროებითი ცვლილება და ა.შ. რომ ყველას მიეცეს რეალიზების საშუალება, ერთი მხრივ კვოტების და თან ყველა კომიტეტში წარმომადგენლობის საშუალება, ამავეე დროს, დაცული იყოს პროპორციულობის პრინციპი, რაც დათქმა არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საპროცედრუო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით კი, პარლამენტის 16 კომიტეტიდან სამი კომიტეტი 17 კაცის შემადგენლობითაა, ხოლო 11 და 13-წევრიან კომიტეტებში, წევრთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

„დღეს კომიტეტმა რა გადაწყვეტილებაც მიიღო, 17-კაციანი რომელიც იყო, დარჩა 17-კაციანი, ხოლო ის კომიტეტები, სადაც 11 და 13 კაცი იყო, ყველა ავიდა 15 კაცზე. პროპორცია ყველგან არის ასეთი: 17-კაციანში ცხრა არის უმრავლესობა, რვა ოპოზიცია. 15-კაციანში რვა არის უმრავლესობა, შვიდი – ოპოზიცია.

ოპოზიციის შიგნითაც განაწილება მოხდა იმ ერთგვარი ფორმულის მიხედვით, მათი პროპორციული ხმებიდან გამომდინარე. პირობითად ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამი ადგილი აქვს, სხვა ფრაქციებს თითო-თითო, ასევე პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო ჯგუფებს. როდესაც მესამე მოსმენით მივიღებთ ამ ცვლილებას, რაც დღეს მეორე მოსმენით უნდა მივიღოთ, მაშინ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ამ რაოდენობის გადახედვა. ეს ეხება აგრეთვე კომისიებსაც, ვთქვათ როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია. აქაც ჩვენ გარკვეული ზრდა გავაკეთეთ, მათ შორის საგამოძიებო კომისიაში და ა.შ. მაგრამ დღეს „ლელოს“ მოთხოვნა რაც არის, ამაზე ჩვენ თანხმობას ვერ მივცემთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, კომიტეტის სხდომაზეც დასვეს დეპუტატებმა ეს საკითხი, რომ შეიძლება თუ არა ჩემი კვოტა გავუნაწილო სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, ან სხვა ფრაქციას. სამართლებრივად დღეს ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. შეიძლება, პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსი ამ თემაზე იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში გვექნება მისაღები სამართლებრივი გადაწყვეტილება გვექნება მისაღები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საკითხზე საუბრის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველას მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

„აუცილებელია კონსულტაცია ამაზე და შევეცადოთ, დაკმაყოფილდეს ყველას მოთხოვნა, რომ სრულიად მოახდინონ რეალიზაცია იმ კომიტეტებში, სადაც სურთ“, – დასძინა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი