არჩილ თალაკვაძე - გარდა იმისა, რომ დაპირებისამებრ ვზრდით პენსიას, მისი ინდექსაცია განხორციელდება და პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება
არჩილ თალაკვაძე - გარდა იმისა, რომ დაპირებისამებრ ვზრდით პენსიას, მისი ინდექსაცია განხორციელდება და პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება

გარდა იმისა, რომ ვზრდით პენსიას, როგორც იყო დაპირებული, პენსიის ინდექსაცია განხორციელდება, რითაც პენსიონერებს ეკონომიკის ზრდასთან ერთად, პენსიები ყოველწლიურად გაეზრდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება რაზეც საკანონმდებლო ორგანო ბიუროსა და პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს, მათ შორის არის სახელმწიფო პენსიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები.

„მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრდით პენსიას, როგორც პირობა იყო მიცემული, მოხდება პენსიის ინდექსაცია, რითაც პენსიონერებს ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად გაეზრდებათ პენსიები იმის მიხედვით, თუ რა ეკონომიკური ზრდა ექნება ქვეყანას. ეს იმის გარდა, რა ზრდასაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე წელს და მომავალ წელს ვაკეთებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაზეც მთავრობასთან ერთად, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძეც მუშაობდა.

„ეს არის ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც უკვე შემოსულია და ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოგვიწევს ამაზე მუშაობა. აქ არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ შევიმუშავეთ, მათ შორის მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის 750 ლარამდე შემოსავლის მქონე თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ამ პაკეტში ასეთი ტიპის არაერთი შეღავათია და გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში, მაგრამ ასევე ძალიან დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.