პარლამენტის ბიუროს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღეს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება.
დეპუტატი ეკა ბესელია თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს დააყენებს. პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლის ბოლომდე უნდა შეჩერდეს.
საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა კეთილსინდისიერი სასამართლო სისტემის გარანტია იქნება.
„ინიციატორები ვაყენებთ საკითხს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ჩვენი ინიციატივა დაჩქარებული წესით იყოს განხილული. მიგვაჩნია, რომ რეალური საფუძველი გვაქვს, მოვითხოვოთ დაჩქარებული განხილვა, რადგან იუსტიციის საბჭომ კიდევ რვა უვადო მოსამართლე მოუვლინა საქართველოს და მგონია, რომ ეს პროცესი თუ არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კანონპროექტის ავტორებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი თანაგუნდელების მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია. გურამ მაჭარაშვილის თქმით, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ინიციატივას.
„მათ საკითხთან დაკავშირებით მიდის კონსულტაციები. იცით, რომ მანდ ერთის მხრივ დგას საკითხი საკანონმდებლო ინიციატივის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ამაზე გვაქვს კონსულტაციები და მსჯელობა. მეორე მხრივ, ეგ საკითხი დაჩქარებულად რომ იყოს განხილული, რამდენად არის ადეკვატური წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან. რა თქმა უნდა, ამაზე ბიუროზეც და შემდგომში უკვე პარლამენტის წევრებს ერთმანეთშიც გვექნება მსჯელობა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ლეგიტიმურს უწოდებენ „ევროპულ საქართველოში“, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა ბიუროზე საკუთარ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.
„ჩვენ მხოლოდ უვადო დანიშვნის შეჩერებას არ ვითხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურად მიგვაჩნია ამის მოთხოვნა. ჩვენი პაკეტი არის რეფორმის სულისკვეთებით გამსჭვალული და ვფიქრობთ, რომ საკითხები უნდა მოწესრიგდეს. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პრინციპი მოსამართლეების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ამ პრინციპის არასწორი გატარება ხდება არასწორი ხალხის მიერ. ჩინჩალაძის კლანს უნდა ჩამოერთვას პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის ექსკლუზიური უფლება და ამის უფლება მიენიჭოს იუსტიციის საბჭოს რიგით წევრს. იურიდიულ კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ამ ჯგუფში სავალდებულო წესით იყოს ჩასმული სამოქალაქო სექტორი, სახალხო დამცველი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. აუცილებლად მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური კონსენსუსის პრინციპით იყოს გათვალისწინებული ამ მოსამართლეების შერჩევა ამ არაორდინარულ ვითარებაში“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძემ.