დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ეტაპობრივად გაიზრდება
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ეტაპობრივად გაიზრდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელის ეტაპობრივად გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილა.

დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილის და გოჩა ენუქიძის საკანონმდებლო ინიციატივა კოლეგებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო.

„მშენებლობის ნებართვის გაცემა დაკავშირებულია შესაბამის ადმინისტრაციულ რესურსთან როგორც მატერიალურ, ასევე ადამიანურ რესურსთან. პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცემათ ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.

მისი განმარტებით, ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა ოთხი ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე.

როგორც აღინიშნა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ მოსაკრებლის გადამხდელისთვის ამან არ გამოიწვიოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის პირველი იანვრიდან – 6 ლარამდე, 2024 წლის პირველი იანვრიდან – 8 ლარამდე და 2025 წლის პირველი იანვრიდან – 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას, 2023 წლის პირველი იანვრიდან – 7 ლარამდე გაიზრდება, 2024 წლის პირველი იანვრიდან – 9 ლარამდე და 2025 წლის პირველი იანვრიდან 11 ლარამდე“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.