კახა კალაძე - ოპონენტები ვერ მოიტანენ მშენებლობის ვერცერთ ნებართვას, რომელიც ჩემი მერობის პირობებში არასწორად არის გაცემული
კახა კალაძე - ოპონენტები ვერ მოიტანენ მშენებლობის ვერცერთ ნებართვას, რომელიც ჩემი მერობის პირობებში არასწორად არის გაცემული

ოპონენტები ვერ მოიტანენ მშენებლობის ვერცერთ ნებართვას, რომელიც ჩემი მერობის პირობებში არასწორად არის გაცემული, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„ერთი შემთხვევა იყო დიდუბეში, როდესაც არასწორად იყო გაცემული, მაგრამ ჩვენვე გამოვასწორეთ და მოსახლეობას ბოდიში მოვუხადეთ; იმ კონკრეტული მიწის ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ და თემა დაიხურა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მერობის პირობებში, სამშენებლო მიმართულებით მთელი რიგი რეგულაციები გამკაცრდა.

„წლების განმავლობაში ეს პრობლემა იყო და ქალაქსაც ეტყობა ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რომ ქალაქის განვითარება არასწორად მოხდა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის მთელი ქალაქის მასშტაბით კა2 (K2) კოეფიციენტების შეზღუდვა. მისი ყიდვა მთელი ქალაქის მასშტაბით შეიზღუდა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაშვებული და ამ მიმართულებით დედაქალაქში რაც მივიღეთ, ვფიქრობ, არავისთვის არ არის სასიამოვნო“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სამშენებლო მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, როდესაც მოხდა რეგულაციების გამკაცრება, ჯარიმების გაზრდა, უსაფრთხოების ნორმების შემოღება და ა.შ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე და საბოლოოდ, მიღებულ იქნა გენგეგმა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტია, რითაც მისი თქმით, ქალაქის სწორი განვითარება მოხდება. 

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქის ახალი გენგეგმა „სივრცითი მოწყობის კანონს“ აბსოლუტურად შეესაბამება. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ერთი თვის წინ, კანონქვემდებარე აქტები იქნა მიღებული და შესაბამისად, ქალაქის მერიას დრო სჭირდება, რომ ამ მიმართულებით გადაწყობა მოხდეს.

„რა რეგულაციებიც განვახორციელეთ და რა ცვლილებებიც მივიღეთ, ისინი უფრო მკაცრია, ვიდრე „სივრცითი მოწყობის კანონი“, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ძველი თბილისის ხიბლი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის არეალი, სადაც უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლითაც თბილისელები ამაყობენ. კალაძის განცხადებით, რეგულაციები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს, რათა ძველი თბილისის მორფოლოგია არ დაირღვეს.

„რეგულაციების შემოღებაში, რომელსაც საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარვუდგენ, ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. გვინდა, გავიზიაროთ სხვადასხვა გამოცდილი ქვეყნის მაგალითები, სადაც ანალოგიური რეგულაციები და ცვლილებები მიიღეს“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გავრცელდება თუ არა ახალი რეგულაციები ისტორიულ უბნებში უკვე მშენებარე ობიექტებზე, კალაძემ აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, მერია ვერაფერს უზამს მშენებლობებს, რომლებიც უკვე დაწყებულია და შენობებს, რომლებიც უკვე აშენებულია“. თუმცა, მისივე თქმით, ახალი რეგულაციები არის სწორი ნაბიჯი, რათა სამომავლოდ ის შედეგი არ დადგეს, რომელიც დღეს არავის მოსწონს.

„აშენებულს ვერაფერს მოვუხერხებთ და ვერ შევცვლით. წლების წინ გაცემული ნებართვების გამო, ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა. ვებრძვით იმას, რომ იქ, სადაც მშენებლობები არ დაწყებულა, შევაჩეროთ. ამ ადამიანებს ოფიციალური ნებართვა აქვთ მიღებული და მიუხედავად იმისა, რომ  ნაკლები ბერკეტი გვაქვს, მაინც რაღაცნაირად ვახერხებთ, მიწის მონაცვლეობითა და ურთიერთშეთანხმებით ქალაქი არ დავაზიანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი