„გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე სივრცეში მშენებლობა შეჩერდება
„გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე სივრცეში მშენებლობა შეჩერდება

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე სივრცეში მშენებლობა შეჩერდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, რომ არც ერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე, რადგან  ეს არის რეკრეაციული ზონები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ კარგად გვესმის ეკოლოგიური თვალსაზრისით, დედაქალაქში რა მდგომარეობაა. შესაბამისად, მწვანე სივრცეებს უნდა გაფურთხილდეთ. „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში დაწყებულია მშენებლობა, რომელსაც გაცემული ნებართვითაც კი, ყველანაირი პირობა, მოცულობა დარღვეული აქვს. ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის მოსალხეობის მხრიდან ძალიან ბევრი საჩივარია შემოსული. ამ დროისთვის, მშენებლობა შეჩერებულია და მგონია, რომ მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. სკვერებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე მსგავსი გაუთვალისიწინებელი სიმახინჯეების მშენებლობა არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა, რომელზეც ანბანის პარკში არსებული მშენებლობაა ასახული და მერის მოადგილეებს მიმართა, ობიექტის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაიცვან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით. პირიქით, ბიზნესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ სწორი განაშენიანება და ხარისხინი პროექტების განხორციელება მოხდეს. მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაცული იქნება. შეხვდით მესაკუთრეებს, რომ არაფერი დაკარგონ. თუ საჭირო იქნება, ადგილმონაცვლეობა გააკეთეთ. კონკრეტულ ლოკაციაზე კი, აღნიშნული პროექტის განხორციელება მისაღები არაა“, – მიმართა დედაქალაქის მერმა მოადგილეებს.