პარიზში ფრანგი მომღერლის შარლ აზნავურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
პარიზში სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერლის შარლ აზნავურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სამოქალაქო პანაშვიდს ესწრება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები, მათ შორისაა მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, შარლ აზნავურს პარიზის მახლობლად, მანფორ-ლამორიში დაკრძალავენ, რაც მისივე სურვილი იყო. აღნიშნულ რაიონში აზნავურის ერთ-ერთი სახლი მდებარეობს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შარლ აზნავურის დაკრძალვის დღეს სომხეთში გლოვაა გამოცხადებული.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, შარლ აზნავური იყო სომხეთის შვილი, ელჩი და მეგობარი.
„შარლ ანზნავური მღეროდა ისე, თითქოს ამაზე მისი ცხოვრება იყო დამოკიდებული. მან იცოდა ქვეყნის ისტორიის ტრაგედია და ის აძლევდა ხმას. საფრანგეთში პოეტები არასოდეს კვდებიან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შარლ აზნავური ადამიანებს ღიმილს ჰგვრიდა და მისი ხელოვნება ადამიანების გულისცემას უფრო ძლიერს ხდიდა.
„მისი ხმა მთელს მსოფლიოს მოედო და შორეულ ქვეყნებშიც ჩააღწია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შარლ აზნავური პირველ ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, საკუთარ სახლში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შარლ აზნავური (ნამდვილი სახელი შახნურვახინაკ აზნავურიანი) საფრანგეთში მცხოვრები სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. შარლის დედა თურქეთში მცხოვრები სომეხი ვაჭრის შვილი იყო, მამა კი, – საქართველოდან. თავისი კარიერის განმავლობაში შარლ აზნავურმა ასობით სიმღერა დაწერა და მონაწილეობა მიიღო 70-მდე ფილმის გადაღებაში.
შარლ აზნავური, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ოქტომბერში სომხეთში გეგმავდა ჩასვლას, სადაც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტს უნდა დასწრებოდა.