ერევნის ცენტრში შარლ აზნავურის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი
ერევნის ცენტრში შარლ აზნავურის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი

ერევნის ცენტრში საფრანგეთში გარდაცვლილი მომღერლის, შარლ აზნავურის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ცნობილი მომღერლის სახელობის მოედანზე ყვავილები და სანთლები მიაქვთ. აქციაზე მივიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ასევე მთავრობის სხვა წევრები და საფრანგეთის ელჩი ჯონათან ლაკოტი.

ერევნის გარდა, შარლ აზნავურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი აქცია ქალაქ გიუმრიში გაიმართა, სადაც შანსონის ცნობილი მომღერლის სახელობის მემორიალია აღმართული.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შარლ აზნავურის დაკრძალვის დღეს სომხეთში გლოვა გამოცხადდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, აზნავურს პარიზის მახლობლად, მანფორ-ლამორიში დაკრძალავენ, რაც მისივე სურვილი იყო. აღნიშნულ რაიონში მისი ერთ-ერთი სახლი მდებარეობს. დაკრძალვის ცერემონიის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შარლ აზნავური პირველ ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, საკუთარ სახლში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შარლ აზნავური (ნამდვილი სახელი შახნურვახინაკ აზნავურიანი) საფრანგეთში მცხოვრები სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. შარლის დედა თურქეთში მცხოვრები სომეხი ვაჭრის შვილი იყო, მამა კი, – საქართველოდან. თავისი კარიერის განმავლობაში შარლ აზნავურმა ასობით სიმღერა დაწერა და მონაწილეობა მიიღო 70-მდე ფილმის გადაღებაში.

შარლ აზნავური, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ოქტომბერში სომხეთში გეგმავდა ჩასვლას, სადაც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტს უნდა დასწრებოდა.