თბილისში შარლ აზნავურის ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისში შარლ აზნავურის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში ცნობილი შანსონიესა და მსახიობის, შარლ აზნავურის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფლეშმობი საფრანგეთის საელჩოსთან ჩატარდა. შარლ აზნავურის შემოქმედების მოყვარულებმა საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

ღონისძიება საქართველოში სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით ჩატარდა.

შარლ აზნავურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ტვიტერზე“ განცხადება სომხურ ენაზე განათავსა, სადაც წერია:

„მე შევთავაზე მას, შეუერთდეს ჩემს ვიზიტს ერევანში, რომელიც ფრანკოფონიის სამიტზე იგეგმება, სადაც მას უნდა ემღერა. სომეხ ხალხთან ერთად ჩვენ ფრანგი ხალხის წუხილს გავიზიარებთ”,- ნათქვამია მაკრონის განცხადებაში. ეს მისი მეორე განცხადებაა დიდი შანსონიეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

შარლ აზნავური პირველ ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, საკუთარ სახლში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შარლ აზნავური (ნამდვილი სახელი შახნურვახინაკ აზნავურიანი) საფრანგეთში მცხოვრები სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. შარლის დედა თურქეთში მცხოვრები სომეხი ვაჭრის შვილი იყო, მამა კი, საქართველოდან წასული ემიგრანტი. თავისი კარიერის განმავლობაში შარლ აზნავურმა ასობით სიმღერა დაწერა და მონაწილეობა მიიღო 70-მდე ფილმის გადაღებაში.

შარლ აზნავური საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ოქტომბერში სომხეთში გეგმავდა ჩასვლას, სადაც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტს უნდა დასწრებოდა.