პარიზის კლიმატური შეთანხმება აშშ-მა ოფიციალურად დატოვა — რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის #1tvმეცნიერება
პარიზის კლიმატური შეთანხმება აშშ-მა ოფიციალურად დატოვა — რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის #1tvმეცნიერება

დაახლოებით ხუთი წლის წინ, მსოფლიო ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეემცირებინათ სათბურის აირების გამოყოფა. 2016 წელს აშშ-მა და თითქმის ყველა სხვა ქვეყანამ კლიმატის ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

თუმცა, 2020 წლის 4 ნოემბერს, აშშ-მა პარიზის შეთანხმება დატოვა და პირველი და ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.

შეთანხმებიდან გასვლის პროცესს ერთი წელი სჭირდება; 2019 წლის 4 ნოემბერს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შეთანხმების ზედამხედველ ორგანოს, გაერო-ს ოფიციალურად აცნობა, რომ აშშ შეთანხმებიდან გადის.

გასვლა კი ნიშნავს იმას, რომ კლიმატის შესახებ სამომავლო მოლაპარაკებებს აშშ-ის ლიდერები მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან. შეთანხმების მიხედვით, წევრი ქვეყნები ყოველ ხუთ წელიწადში უნდა შეიკრიბონ და ახალი სტრატეგიები დასახონ.

„პარიზის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებამ აშშ სამეცნიერო რეალობის მოწინააღმდეგე, გლობალურად იზოლირებულ ქვეყნად აქცია, რაც რეალურ ზიანს მოუტანს ხალხს, პლანეტასა და ეკონომიკას“, — ამბობს შეშფოთებულ მეცნიერთა კავშირის კლიმატისა და ენერგიის პროგრამის პოლიტიკის დირექტორი რეიჩელ კლიტუსი.

შეთანხმებიდან აშშ-ის ოფიციალური გასვლა დაემთხვა დღეს, როცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

თუმცა, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აშშ შეთანხმებას მისი გაპრეზიდენტების დღესვე ხელახლა შეუერთდება.

რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, ის კლიმატის ცვლილების საფრთხეებს უმნიშვნელოდ თვლის, მაშინაც კი, როდესაც მილიონობით ამერიკელი რეკორდულად ბევრმა ტყის ხანძარმა და ტროპიკულმა შტორმმა დააზარალა.

„2020 წლის მხოლოდ პირველ ცხრა თვეში, ჩვენ გვქონდა ექსტრემალური ამინდის 16 მოვლენა, რომელთაგან თითოეულის საფასური სულ მცირე მილიარდი დოლარი იყო და საერთო ჯამში, იმსხვერპლა 200 ადამიანი; ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა კი დაბალშემოსავლიანი საზოგადოებებმა მიიღეს. უახლეს მეცნიერებასთან თანხვედრილი რადიკალური ქმედებების გარეშე, უახლოეს წლებში კლიმატის გავლენა კიდევ უფრო შემზარავი იქნება“, — ამბობს კლიტუსი.

პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს მსოფლიოს თითქმის 200-მა ქვეყანამ ერთობლივად მიიღო ნახშირბადის გამოყოფის შემცირების მიზნით. ყოველმა ხელმომწერმა დააწესა გამონაბოლქვის შემცირების ინდივიდუალური მიზანი, რათა საერთო ჯამში, 2100 წლისთვის დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით არ მოიმატოს ინდუსტრიამდელი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, არ არსებობს სამართლებრივი გზები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც პირობას ვერ შეასრულებენ.

აშშ სათბურის აირების მეორე უდიდესი გამომყოფია მსოფლიოში, ჩინეთის შემდეგ. ამერიკელები უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ ატმოსფეროში საშუალოდ ერთ ადამიანზე, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები.

როდესაც აშშ-მა ხელი მოაწერა, ობამას ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ 2025 წლისთვის, ქვეყანა გამონაბოლქვის მაჩვენებელს 26 პროცენტით შეამცირებდა და 2005 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდებოდა. ეს მიზანი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მიერ გაცხადებული რიცხვები, საბაზისო მაჩვენებლად ჩათვალეს, რაც დროთა განმავლობაში უნდა გაიზარდოს.

თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ გამონაბოლქვის შემცირების ის მაჩვენებელი, რისი პირობაც აშშ-მა დადო, „უსამართლო ეკონომიკური ტვირთის სახით“ აწევს ამერიკელ მუშებს, ბიზნესს და გადასახადების გადამხდელებს და შესაბამისად, შეთანხმება „აშშ-ს სხვა ქვეყნებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს მოგების მიღების თვალსაზრისით“.

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, აშშ-ის სხვადასხვა უწყებებმა შეარბილა მრავალი გარემოსდაცვითი რეგულაცია.

გაერო-ს მიერ დათქმული პირობის მიხედვით, შეთანხმებიდან გასვლა არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მისი ამოქმედებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში, შეთანხმება კი 2016 წლის 6 ნოემბერს ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლა 2017 წლის ივნისში დააანონსა, მის ადმინისტრაციას ამ პროცესის დაწყება 2019 წლამდე არ შეეძლო.

იელის უნივერსიტეტის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელ ამომრჩეველთა 69 პროცენტი (მათ შორის რესპუბლიკელების 51 პროცენტი) ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდეტის ნაბიჯს უწოდა „გამანადგურებელი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს ანგრევს“.

შეთანხმებაში კვლავ შესვლა აშშ-ს გაეროში შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნიდან 30 დღეში შეეძლება. შესაბამისად, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, თუკი ის ამ მოთხოვნას საპრეზიდენტო ვადის დაწყების პირველივე დღეს გააგზავნის, ანუ 2021 წლის 20 იანვარს, პარიზის შეთანხმებას აშშ 19 თებერვალს კვლავ შეუერთდება.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში შემავალი ქვეყნები გამონაბოლქვის იმ დონით შემცირებას ვერ ახერხებენ, რისი პირობაც დადეს, რათა არ მოხდეს ტემპერატურის 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით მომატება. 2018 წლის კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში, ამჟამინდელი მოქმედებით გლობალური ტემპერატურა საშუალოდ 3 გრადუსით მოიმატებს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.