პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქვეშ ადამიანის ფორმის სარკოფაგი და სხვა საფლავები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქვეშ ადამიანის ფორმის სარკოფაგი და სხვა საფლავები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქვეშ არქეოლოგებმა სავარაუდოდ მე-14 საუკუნის რამდენიმე საფლავი და ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს. გათხრები 2019 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ დაიწყო. სამარხები ცენტრალური ბოძის აღდგენითი სამუშაოებისას იპოვეს.

საფლავებს შორის არის საკმაოდ კარგად შემონახული, ადამიანის ფორმის სარკოფაგი, რომელიც ტყვიისგან არის დამზადებული.

მეცნიერთა აზრით, სარკოფაგი 1300-იანი წლების რომელიღაც დიდებულს ეკუთვნის, რომელიც ტაძრის აშენების შემდეგ უნდა დაეკრძალათ.

ტაძრის იატაკის ქვეშ ასევე აღმოაჩინეს მოხატულ სკულპტურათა ელემენტები, რომლებიც მე-13 საუკუნის ჯვარცმის სცენის შემადგენელი ნაწილები უნდა ყოფილიყო. მათ შორის არის ქვისგან გამოკვეთილი ხელებიც.

იქვე აღმოაჩინეს წვერიანი კაცის ბიუსტი და ზოგიერთი ბოსტნეულის სკულპტურა, რომლებსაც საღებავის კვალი დღემდე ეტყობა.

ტყვიის სარკოფაგი ქვებისა და მიწის სიმძიმის გამო გარკვეულწილად დეფორმირებულია. შიგნიდან დასათვალიერებლად მკვლევართა ჯგუფმა უკვე გამოიყენა ენდოსკოპიური კამერა.

„დავინახეთ ქსოვილის ნაწილები, თმა და ფოთლების ბალიში თავზე, კარგად ცნობილი ფენომენი, რომელსაც რელიგიური ლიდერების დამარხვისას იყენებდნენ. ის ფაქტი, რომ ეს მცენარეული ელემენტები დღემდე შემორჩენილია, იმაზე მიუთითებს, რომ სხეულიც საკმაოდ კარგად უნდა იყოს შენახული“, — ამბობს არქეოლოგი კრისტოფ ბესნიე.

არქეოლოგთა განცხადებით, აღმოჩენა უკეთეს ცნობებს მოგვცემს შუა საუკუნეებში დაკრძალვის წეს-ჩვეულებათა შესახებ.

რეკონსტრუქციის პროცესში ასევე აღმოაჩინეს მე-19 საუკუნის მიწისქვეშა გათბობის სისტემა; სარკოფაგი ამ სისტემის აგურის მილებს შორის იყო მოთავსებული.

არქეოლოგებს სამუშაოებისთვის დრო 25 მარტამდე აქვთ, რადგან ამ დღეს უნდა დასრულდეს რეკონსტრუქციის პროექტი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნა 2024 წელს არის დაგეგმილი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.