პაპუნა ლეჟავა - საბანკო სექტორში გამოთავისუფლებული 1.6 მილიარდი ლარი სექტორის მიმდინარე ზარალს მთლიანად გადაფარავს
პაპუნა ლეჟავა - საბანკო სექტორში გამოთავისუფლებული 1.6 მილიარდი ლარი სექტორის მიმდინარე ზარალს მთლიანად გადაფარავს

წინა თვეში ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სექტორში გამოთავისუფლებული 1.6 მილიარდი ლარი მთლიანად გადაფარავს სექტორის მიმდინარე ზარალს, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თითქმის ერთი მილიარდი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საბანკო სექტორის ზარალი განიხილეს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა და მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 943 მილიონი ლარი შეადგინა. სექტორის წმინდა ზარალი 747 მილიონი ლარია.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრებით, საბანკო სექტორის ზარალი პანდემიიდან გამომდინარე მოულოდნელი არ ყოფილა და სექტორი საკმაოდ მდგრადია, რომ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. 

„747 მილიონი ნეგატიურ მოგება ანუ ზარალი პირველი კვარტლის შეჯამებული მონაცემებია და ეს ძირითადად განპირობებულია 1.2 მილიარდი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნით. ეს რეზერვი შექმნილია პოტენციური დანაკარგებისთვის და არა უკვე რეალიზებული დანაკარგებისთვის. ეს პრინციპში ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ჩვენ მარტში კოვიდის შოკის დაწყებისთანავე ვაკეთებდით ბანკებთან ერთად იმ პოტენციური ზარალის შეფასებას, რაც შეიძლება სესხების დანაკარგებიდან საბანკო სექტორმა ნახოს. ამისთვის ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ მარტში დავაანონსეთ 1.6 მილიარდის კაპიტალის გამოთავისუფლება, რაც აღნიშნულ 1.2 მილიარდ ლარს საკმაოდ აღემატება. ეს მთლიანად გაიწოვს იმ პოტენციურ ზარალს, რაც მარტის მდგომარეობით დაფიქსირდა და უფრო მეტიც დამატებით სივრცესაც ტოვებს დაკრედიტების წასახალისებლად“, – განაცხადა ლეჟავამ.

მისი განმარტებით, გასულ წლებში საბანკო სექტორი ყოველ წელს დაახლოებით 900 მილიონი ლარის მოგებაზე გადიოდა და დიდი ბუფერების დაგროვების შესაძლებლობა ჰქონდა, რაც დღეს არსებული გამოწვევების დაძლევას გაუადვილებს.

„კარგად რომ აღიქვას მომხარებელმა, 747 მილიონის ზარალი რას ნიშნავს, წინა წლების განმავლობაში დაახლოებით 900 მილიონის მოგებას სწევდა ყოველწლიურად საბანკო სექტორი. შესაბამისად, თუ წელსაც ზარალი არ გაიზარდა, პირველი სამი თვის საოპერაციო მოგება საკმაოდ დიდია თითქმის 400 მილიონს შეადგენს და შესაძლოა, ეს 747 მილიონი მთლიანად გადაიფაროს წლის განმავლობაში. თუმცა, რა თქმა უნდა, წელს რთული წელი იქნება ყველასთვის, მათ შორის საბანკო სექტორისთვის. ამისთვის მას საკმაოდ დიდი ბუფერები გააჩნია, რაც განპირობებულია წინა წლებში ბუფერების დაგროვების პოლიტიკით. ამის შესაძლებლობას მაღალი მომგებიანობა გვაძლევდა და დღეს საკმაოდ ძლიერად ხვდება საბანკო სექტორი გამოწვევებს. ის 1.6 მილიარდი, რაც გამოვაცხადეთ წინა თვეში სრულად გადაფარავს მიმდინარე ზარალს. თუმცა, თუ საჭირო შეიქმნა, დამატებითი დაკრედიტების წასახალისებლად ან ზარალების გასანეიტრალებლად კიდევ არსებობს ბევრად უფრო მეტი რესურსის გამოთავისუფლების საშუალება“, – განუცხადა პაპუნა ლეჟავამ „ბიზნესპარტნიორს“.