ეროვნული ბანკი - აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 49.33 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.27 მლრდ ლარით, ანუ 2.65%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 72.84 მლნ ლარით, ანუ 0.38%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.20 მლრდ ლარით, ანუ 4.17%-ით გაიზარდა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 49.82 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.45 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.94% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.42%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.69%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.82%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა.