პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები პრემიერის სახელზე მიმართვის გაგზავნას აპირებენ
პანკისის ხეობის მცხოვრებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვის გაგზავნას გეგმავენ. სამგვერდიან მიმართვაში აღნიშნულია, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია. ისინი პრემიერ მამუკა ბახტაძეს მოუწოდებენ, საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს.
„ხეობაში ჰესის აშენებას არ დავუშვებთ. რაც ააშენეს, ისიც საკმარისია. ეს ხეობის მოსახლეობის დაავადებას და აქედან მოსახლეობის აყრას შეუწყობს ხელს. რა აღარ შემოგვთავაზეს ამის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვართ თანახმა. ტყუილია, რომ უარყოფითი გავლენა არ ექნება ამ ჰესს ხალხზე და ხეობაზე. ამას მათივე დაქირავებული სპეციალისტები ამბობენ“, – განუცხადა პირველ არხს ხეობის უხუცესთა ალტერნატიული საბჭოს წევრმა ემზარ ტოხოსაშვილმა.
ხეობის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით შეკრებების შემდეგ მის მონაწილეებს პოლიციაში იბარებენ, პოზიციის დათმობისკენ მოუწოდებენ და ადგილობრივების აზრის ორად გაყოფაც ამით აიხსნება.
კომპანია „ფერის“ წარმომადგენელი მათე ქავთარაშვილი ამბობს, რომ ახალი ჰესის აშენების საფრთხეებზე მოსახლეობას მცდარი ინფორმაცია აქვს.
„მშენებლობის პროექტის მიხედვით არც ხეები მოიჭრება და არც წყალის შეგუბება მოხდება. საორგანიზაციო ჯგუფი შევქმენით, რომელიც მოსახლეობას ამ ყველაფერს უხსნის. პრემიერ-მინისტრის სახელზე ამ მიმართვის გაგზავნის შემდეგ შეიცვლება თუ არა რამე, ვერ გეტყვით. ჩემი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მათე ქავთარაშვილმა.
ხვალ ხეობის სოფლების მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას სოფელ ბირკიანში აპირებს.