PACE საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის თანამომხსენებლები საქართველოს საკონსტიტუციო ჩარჩოს გაუმჯობესებას მიესალმებიან. ამის შესახებ თანამომხსენებლების ვიზიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„თანამომხსენებლები მიესალმებიან საქართველოში საკონსტიტუციო ჩარჩოს გაუმჯობესებას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად მოხდა. ამასთან, ისინი სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაიდო შემდეგი არჩევნებისთვის. თანამომხსენებლებს მიაჩნიათ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოს დემოკრატიული გარემოს პლურალიზმის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გააუმჯობესონ კონტროლის და ბალანსის სისტემა.
„ამ კონტექსტში, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სათანადო საპარლამენტო კონტროლი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ვრცელდება ცნობები ქვეყნის ხელისუფლებაში უსაფრთხოების სამსახურების როლის გაძლიერების შესახებ, რაც გამოიხატება საგარეო დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შერწყმაში“, – ხაზგასმულია თანამომხსენებლების განცხადებაში.
თანამომხსენებელბმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცების საქმის გამო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული საქმის გამოძიების შესახებ, რომლესაც მთავარი პროკურატურა ატარებს. ასევე, მიიღეს ცნობები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურის ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლების შესახებ. ამავე დროს მონიტორინგის მისიის თანამომხსენებლებმა მოუწოდეს პროკურატურას, გააგრძელოს საქმის გამჭვირვალე გამოძიება.
ამ კონტექსტში, თანამომხსენებლებმა განსაკუთრებით შეშფოთდნენ საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეებისა და თავშესაფრის მაძიებლების შევიწროების შესახებ გავრცელებული ცნობებით, რაშიც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს ადანაშაულებენ.
„ამ დრომდე, საქართველოს ჰქონდა ისეთი ქვეყნის რეპუტაცია, სადაც სხვა სახელმწიფოებში საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმის გამო დევნილი პირებს, უსაფრთხოდ შეეძლოთ ყოფნა. მაშასადამე, ხელისუფლებამ სრულად უნდა გამოიძიოს ბრალდებები და ბოლო მოუღოს საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელების შევიწროებას, განურჩევლად იმისა თუ ვინ არის მსხვერპლი და ვინ ორგანიზატორი“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ თანამომხსნებლებმა ცნობად მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა ლტოლვილთა სამინისტროს განკარგულება, რომელმაც მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი თქვა. ჩაბუქის ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებენ და ამის გამო თურქეთის ხელისუფლება მის ექსტრადირებას ითხოვს. თანამომხსენებლები ხაზს უსვამენ, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად უნდა დაედოს ჰუმანიტარული და ადამიანი უფლებათა დაცვის კანონმდებლობა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ამ კონტექსტში თანამომხსენებელები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა წინააღმდეგ წინასწარი დაკავების გამოყენებას და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მსგავსი ნაბიჯი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევაში გადადგან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისში ვიზიტის დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეხვდნენ სახალხო დამცველს და ხაზი გაუსვეს ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას. ისინი ასევე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ ბორდერიზაციის პროცესით. ხალხის დაახლოვების ნაცვლად, ეს პროცესი ხელოვნურად უწყობს ხელს დაძაბულობის ესკალაციას და ხალხის დაყოფას. ეს მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის თანამომხსენებლები ვიზიტის დროს ასევე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მოლაპარაკებები შედგა სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა და საპარლამენტო კომიტეტების წევრებთან, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
თანამომხსენებლების მორიგი ვიზიტი საქართველში მომდევნო წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.