საქართველოს პარლამენტში PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა და სემინარი - „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ გაიმართება
საქართველოს პარლამენტში PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა და სემინარი - „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ გაიმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის ორდღიანი სხდომა გაიხსნება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს როჯერ გეილის ხელმძღვანელობით გუშინ ეწვია.

კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მონაწილეობით, გაიმართება სემინარი – „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ
გეილი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარზე მოხსენებით პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი წარდგება და რეგლამენტის რეფორმის შედეგად შემუშავებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრებს.

„თამარ ჩუგოშვილი მიწვეულ სტუმრებს მიაწოდებს ინფორმაციას, თუ როგორ აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზები და გაძლიერდა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციები. ასევე, საუბარი იქნება პარლამენტის როლზე, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში და საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე, მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საპარლამენტო ზედამხედველობაში ოპოზიციის როლზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი ისაუბრებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსია საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო გამოცდილებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოდერაციას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე გაუწევს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და საპარლამენტო კავშირის პროექტის „დემოკრატიული პარლამენტები“ წარმომადგენლები.

სემინარზე მიწვეული არიან ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები გაემგზავრებიან სოფელ ხურვალეთში და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებენ.

დატოვე კომენტარი