სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება. მთავარ განსახილველ თემებს შორისაა რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები, ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატის გარშემო არსებული სიტუაცია და ასამბლეის ქვეკომისიის ბიუროს სხდომაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი მიკელე ნიკოლეტი ამ თანამდებობაზე მუშაობას იანვარში შეუდგა, თუმცა მარტში მან იტალიაში გამართული არჩევნები წააგო. სოციალისტებმა, რომელთა ჯგუფსაც წარმოადგენდა ნიკოლეტი, განაცხადეს, რომ ასამბლეის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს აპრილში აირჩევენ. ამ პოსტზე პრეტენზიას ესპანელი ანტონიო გუტიერეს ლიმონესი და შვეიცარიელი ლილიანა მორი პასკიე აცხადებენ. ნიკოლეტიმ განაცხადა, რომ ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას ივნისის სესიამდე დატოვებს.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ საკითხზე დებატები ასამბლეაზე უკრაინის მოთხოვნით გაიმართება.

კიდევ ერთი ხმაურიანი თემა ევროპის საბჭოს სხდომებში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაა. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილ ქვეკომიტეტის ბიუროს სხდომას რუსი დეპუტატები, მათ შორის ლეონიდ სლუცკიც დაესწრება.

სხდომას ფონად გასდევს ევროპის საბჭოსა და მოსკოვის დაპირისპირება. 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება დროებით ჩამოართვეს. საპასუხოდ კი რუსეთმა ევროპის საბჭოს საწევროს გადახდაზე უარი თქვა.

საგაზაფხულო სესიაზე ასევე განიხილება თურქეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები, ასევე ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა და ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების აღკვეთა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 27 აპრილამდე გაგრძელდება.