პაატა ზაქარეიშვილი - SGS-თან კონტრაქტით პოლიტიკურად მოვიგეთ, რადგან შეთანხმებას მივაღწიეთ რუსეთთან, სადაც აფხაზური და ოსური „მხარეები“ არ იგულისხმება
SGS-თან კონტრაქტით პოლიტიკურად მოვიგეთ, რადგან შეთანხმებას მივაღწიეთ რუსეთთან, სადაც აფხაზური და ოსური „მხარეები“ არ იგულისხმება, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„ეს პირველი და ერთადერთი შეთანხმებაა, სადაც აფხაზური და ოსური „მხარეები“ არ იგულისხმება. რუსეთთან მომავალი მოლაპარაკებების დროს, როცა რუსები იტყვიან, აფზახები გვერდით უნდა დავისვათ, რადგან სხვანაირად არ გამოვაო, ჩვენ ვეტყვით, უკაცრავად, მაგრამ ასეთი პრეცედენტი, სადაც ისინი არ იგულისხმებიან, ხომ არსებობს-თქო“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნაუცბადევად, სხვა მიზნების, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის გაკეთდა და ამიტომ, კარგად ჩამოყალიბებული არ არის.
„მისი ხელმოწერა ძალიან ზერელედ მოხდა და შესაბამისად, აქედან გამოსვლა საკმაოდ რთული იყო. საბოლოოდ, უფრო იოლად გამოვიდა, ვიდრე ველოდებოდი. მე მეშინოდა, რომ რუსეთი ხელს არ მოაწერდა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთმა საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შვეიცარულ კომპანია SGS-სთან 2011 წელს შემუშავებული კონტრაქტი მხარეებს შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას ითვალისწინებს.