პაატა ზაქარეიშვილი - ხმამაღალი განცხადებაა, რომ შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილი კორუფციულ სქემაში იყოს გარეული
პაატა ზაქარეიშვილი - ხმამაღალი განცხადებაა, რომ შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილი კორუფციულ სქემაში იყოს გარეული

ხმამაღალი განცხადებაა, რომ შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილი კორუფციულ სქემაში იყოს გარეული, არ გამოვრიცხავ, ძნელი სათქმელია, მაგრამ ნამდვილად გამიჭირდება ვთქვა – ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილმა რაღაც ბანკები ახსენა და ის მინიშნებებზე ლაპარაკს ასე ზერელედ არ დაიწყებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში რომ დესანტი, მაია ცქიტიშვილი გადაიყვანეს, აშკარად ჩანდა, რაღაც სიტუაციის გასაჩერებლად გადაიყვანეს. მაიას ივანიშვილი ძალიან ენდობა და მეც ძალიან ვენდობი, რადგან ძალიან სანდო ადამიანია“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ განცხადებით პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, წარმოუდგენია თუ არა მას, რომ შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილი კორუფციულ სქემაში იყოს გარეული.

მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი როდესმე გააფთრებული უნახავს, იმ ვითარებაში, როცა სიტუაციას აფასებდა, სადაც შეიძლებოდა, კორუფცია ყოფილიყო.

„თუ ბიძინა ივანიშვილი რამეზე ღიზიანდებოდა და თავის მშვიდი მდგომარეობიდან გამოდიოდა, ეს მაშინ ხდებოდა, როცა კორუფციაზე იყო ლაპარაკი. ის ყოველთვის ამბობდა, კორუფცია არ გამაგონოთ, თორემ გავგიჟდებიო“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ კორუფციის შემთხვევები ახლაც განმეორდა, ხომ არ წაახალისა ეს იმ ფაქტორმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დროს საუბარი იყო კახურ კლანზე და კორუფციის შემთხვევებზე, მაგრამ „არავის თავი არ გაგორებულა“, კორუფციის შემთხვევაში კი, ადამიანი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ განმეორების ცდუნება არ დარჩეს, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე ვიღაცების თავები უნდა გაგორდეს, რადგან სხვანაირად გაჭირდება, მაგრამ იდეალური ვითარება არსად არ არის და მაღალი კლასის პოლიტიკოსებს გადაცდომის რაღაც გარკვეული უფლებები აქვთ, რადგან სხვანაირად, სიტუაციის მართვა შეუძლებელია.

„თუ რისკებზე არ წახვედი და რაღაცაზე თვალი არ დახუჭე, სხვანაირად არ გამოდის. მაშინ, რატომ აქვს მაღალი კლასის პოლიტიკოსს იმუნიტეტი, კანონი რომ იცავს და მისი დაპატიმრება რომ არ შეიძლება?! ნახეთ, როგორც იცავს დასავლეთი იმ პერსპექტივას, რომ საქართველოში შეიძლება, ვთქვათ, სააკაშვილი დასაჯოს, ან იგივე, როცა მერაბიშვილი ციხეში წავიდა. აგერ საფრანგეთში, მაკრონის თანაშემწემ საშინელება ჩაიდინა, მაგრამ მაკრონს ვერავინ ეხება. თუ ღარიბაშვილის დროს იმ რაღაც კორუფციული ჯგუფის ლოკალიზება მოხდა, ჩემი აზრით, ეს ივანიშვილმა წარმატებად ჩათვალა. თუ ყველას სდიე, ქვეყანა წინ ვერ წავა. ხალხის მესმის და შესაძლოა, გამაღიზიანებლად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს მომენტები არის“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.