პაატა ზაქარეიშვილი - პირველი იმპერია, რომელშიც მოვხვდით, მართლმადიდებლური იყო და ქართველები მაინც კომფორტულ გარემოში აღმოვჩნდით
პაატა ზაქარეიშვილი - პირველი იმპერია, რომელშიც მოვხვდით, მართლმადიდებლური იყო და ქართველები მაინც კომფორტულ გარემოში აღმოვჩნდით

როცა პირველ იმპერიაში მოვხვდით, ეს მართლმადიდებლური იმპერია იყო და იმის მიუხედავად, რომ რაღაცები გადაღებეს-გადმოღებეს, სხვებისგან განსხვავებით, ქართველები მაინც კომფორტულ გარემოში აღმოვჩნდით, რადგან ეს ჩვენი ღირებულებების იმპერია იყო და ბევრ რაღაცაში დაცული აღმოვჩნდით, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველო კომფორტულ გარემოში აღმოჩნდა, ჩვენი მართლმადიდებლობა უკვე დიდმა იმპერიამ დაიცვა და მართლმადიდებლობის გამო ხმლის ქნევა აღარ გვჭირდებოდა. ამის შემდეგ მეორე იმპერია წამოვიდა, რომელმაც რელიგია გააუქმა, მაგრამ ეთნიკურობა შემოიტანა. ცოტა არ იყოს, ჩვენ ეთნიკურობაშიც გაგვიმართლა, რადგან სტალინი და ბერია ქართველები იყვნენ. ქართველებსაც გვჩაგრავდნენ, მაგრამ ბერია ნაციონალისტი იყო და შესაბამისად, რაღაც-რაღაცებში ისევ კომფორტულად აღმოვჩნდით“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, უცებ ორივე იმპერია დაინგრა და ჩვენ შიშვლები დავრჩით.

„გვირაბში 1801 წელს შევვარდით და 1992 წელს გამოვვარდით. აღმოჩნდა, რომ დამცველები ჩვენ თვითონ აღარ ვართ და ყველაფერ იმას, რაც ჩვენგან განსხვავებულია, მტრად აღვიქვამთ.

ისლამი როგორც კი შეიქმნა, საქართველოში მაშინვე გავრცელდა. ორივე რელიგია ჩვენი ბუნებრივი რელიგიებია. ვინაიდან ქრისტიანობა უფრო ადრე იყო, მას სახელმწიფო დაეფუძნა, მაგრამ ისლამმა კულტურა შემოიტანა. ქართველი ისლამს უცხოდ არასდროს აღიქვამდა. დღეს კი, მას როგორც უცხოს, ასე აღვიქვამთ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ განცხადებით პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სხვა კონფესიების მიმართ ბევრად უფრო ღია და შემწყნარებელი 60-70-იან წლებში და სად მოხდა ცვლილება.