პაატა ზაქარეიშვილი - დასახელებულ ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ჩემთვის ყველაზე მისაღები ჯერჯერობით, ბაქრაძეა
პაატა ზაქარეიშვილი - დასახელებულ ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ჩემთვის ყველაზე მისაღები ჯერჯერობით, ბაქრაძეა

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს მწვანე შუქი არ აუნთოს, მაგრამ არც წითელი აუნთოს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„შესაძლოა, ის მას არ დაეხმაროს, მაგრამ ხელიც არ შეუშალოს. დასახელებულ ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ჩემთვის ყველაზე მისაღები ჯერჯერობით, ბაქრაძეა. ის დაღვინებული ადამიანია, მშვიდი, გაწონასწორებული და ძალიან დიდი გამოცდილების მქონე. ამიტომ, რატომაც არა? თუმცა, მირჩევნია, კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ ჰყოლოდა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ განცხადებით პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, ბიძინა ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთოს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს, რადგან როგორც მან მაკა ცინცაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დამოუკიდებელი კანდიდატი ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდა, პრობლემა არც ოპოზიციის კანდიდატი არ არის.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, არ ჰგონია, ბიძინა ივანიშვილი ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე ფიქრობდეს, მაგრამ ზოგადად, გამორიცხული არაფერი არ არის.

„ეჭვი მეპარება, მას ბაქრაძის წინ წაყვანა აწყობდეს და ასე რომ აღმოჩნდეს, ძალიან გამიკვირდება. ჩავთვლი, რომ რაღაც ბოლომდე ვერ გავთვალე, რადგან ეს „ევროპულ საქართველოს“ ძალიან აძლიერებს, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ უნდა იყოს. ეს ვარიანტი მას არ უნდა აწყობდეს, რადგან ეს „ქართულ ოცნებაში“ ძალიან დიდ უკმაყოფილებას, ჯანყს გამოიწვევს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.