პაატა ზაქარეიშვილი - SGS სერიოზული, უფრო პოლიტიკური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური, თუმცა ეკონომიკურად იყო ჩაფიქრებული
SGS სერიოზული, მაგრამ უფრო პოლიტიკური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური, თუმცა, ის ეკონომიკურ პროექტად იყო ჩაფიქრებული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე, როცა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ იყო, მსოფლიოს მისი გაწევრიანება სჭირდებოდა და რუსეთი ამით ვაჭრობდა.
„ამ დროს, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთან პოლიტიკური, სავაჭრო და სხვა ურთიერთობები მოგვარებული არ ჰქონდა. ამიტომ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა თავისი პირობები დააყენეს. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო და მათ გაუხარდათ, არიქა, ხელში კარგი ვითარება ჩაგვივარდა, ვაჭრობიდან გამომდინარე პოლიტიკურ ქულებსაც ჩავიწერთ, აგერ რუსეთის გაწევრიანება რუსეთსაც სჭირდება, მსოფლიოსაც და მოდი, რუსეთს და მსოფლიოს მოვთხოვთ, ჩვენი მებაჟეები სახელმწიფო საზღვართან დადგნენო“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ამასობაში, რუსეთმა საერთო ენა ყველა სხვა სახელმწიფოსთან იპოვა და მარტო ჩვენ შევრჩით.
„მთელი მსოფლიო გაოგნდა, ამდენ ხანს საერთო ენა რატომ ვერ იპოვეთო და თუ მანამდე ყველა მხარში გვედგა, მერე აღმოჩნდა, რომ რუსეთთან მარტო, პირისპირ დავრჩით. რუსეთის გაწევრიანება ყველას ეჩქარებოდა. ჩვენ ჩვენი ვერ გაგვქონდა, რადგან რუსეთი ყველაფერზე წინააღმდეგი იყო და მან შანტაჟი დაიწყო. ამბობდნენ, ბოლოს და ბოლოს ეს პოლიტიკაა, თუ ვაჭრობა, საქართველოდან პოლიტიკაზე გველაპარაკებიან თუ ვაჭრობაზეო“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-მა ცოტა არ იყოს, დაგვაშანტაჟა კიდეც, გამონაკლისს დავუშვებთ, კონსენსუსს დავარქმევთ და რუსეთს თქვენ გარეშე მივიღებთო. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება უკვე ძალიან ჩქარობდა და ხელშეკრულება უაღრესად სუსტია.
„ჩვენ ყველაფერს ვკარგავდით, ჩავარდა მთელი პროექტი, რომ სახელმწიფო საზღვარზე ჩვენს მესაზღვრეებს დავაყენებდით და რაღაც მაინც გვინდოდა გადაგვერჩინა. ამიტომ, ძალიან სუსტი პროექტი დაიწერა. მაგალითად, თუ ტვირთი ამ სააგენტოში არ შევიდა, რკინიგზით და ზღვით შესულ ტვირთს ვინ აკონტროლებს – არავინ. ანუ, პრაქტიკულად, ეს პროექტი ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალ ხელისუფლებას ძალიან სამარცხვინოდ დაბალი კლასის დოკუმენტი დაუტოვა, მხოლოდ სხვა მიმართულებებით და ახალ ხელისუფლებას მისი გამოსწორება უწევდა.
„ეს ისე იყო, როგორც ჟენევის ფორმატში დაგვახვედრეს ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალიდან და სოხუმიდან, როცა ვითომ, რუსეთს უნდა დავლაპარაკებოდით. მათი კომპეტენცია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა და ეს ამ დოკუმენტებშიც ჩანდა. ჩვენი ამოცანა იყო, რუსეთს ბოლომდე არ მოვეტყუებინეთ. ამიტომ, ეს პროცესი 2011 წლიდან 2017 წლამდე გაიწელა, რაც პრინციპში, არც ისე დიდი დროა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რუსეთმა საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შვეიცარულ კომპანია SGS-სთან 2011 წელს შემუშავებული კონტრაქტი მხარეებს შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას ითვალისწინებს.