პაატა ზაქარეიშვილი - როცა ქრისტეს სახელით იგინებიან, იმ ეკლესიაში რა მინდა
პაატა ზაქარეიშვილი - როცა ქრისტეს სახელით იგინებიან, იმ ეკლესიაში რა მინდა

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მართლმადიდებლობა არ არის, მგონია, რომ მართლმადიდებლობაზე წარმოდგენა მაქვს და როცა ქრისტეს სახელით იგინებიან, იმ ეკლესიაში რა მინდა, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ის საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიმართ, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს ტელევიზია არც მას უყვარს, მაგრამ ასეთი განცხადებები მისთვის ყოვლად მიუღებელია.

„ეკლესიას ეს არ სჭირდება. ქრისტემ პირდაპირ გვითხრა, შენ ხარ კლდე და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოგერევიან. კლდე ხომ მეტაფორაა? ანუ, შენ ვერც კლდე მოგერევა, ვერც ყინვა, ვერც ქარი, ვერც ვერაფერი და უცებ, ვიღაც ჟურნალისტის გეშინია. ეკლესიას კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ უქნა ვერაფერი. ვხედავთ, სად არის დღეს კომუნისტური რეჟიმი და სად არის ეკლესია. ეს უკვდავი ფენომენია და ვიღაც გაბუნიასი გეშინია?!“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, გაუგებარია, საიდან ისესხა ქრისტიანობამ ცნება შეურაცხყოფა.

„დაახლოებით, ეს იმას გავს, ტანკში იჯდე და ომში მიდიოდე, უცებ ვიღაცამ ამ ტანკს თოფი მოუშვიროს, შენ კი ტანკიდან გადმოხტე, ხელები გაშალო და იყვირო, ჩემს ტანკს არ ესროლოო“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა განაცხადა, ეკლესიას ჩვენი დაცვა არ სჭირდება, ის პირიქით, ჩვენ გვიცავს.

„ქრისტიანობის ისტორია ძალიან მიყვარს; ამ სფეროში ბევრი რამ წამიკითხავს და ზოგჯერ ვიბნევი, ნუთუ, ამ ყველაფრის ნაწილიც ვარ? მე მგონია, აქ უფრო მეტად სიყვარული უნდა იყოს. წავიკითხოთ პავლე მოციქული და სხვა მოციქულები. სახარებაში და ეპისტოლეებში სრულიად სხვა რაღაც გვიწერია და არ მესმის, საიდან მოდის ეს სიძულვილი. მგონი, ეს კომუნისტებიდანაა ნასესხები“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.