პაატა ზაქარეიშვილი - „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებს თმობს, რაც ძალიან დამაფიქრებელი ფაქტია
„ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს არ იძლევა და ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს თმობენ, რაც ძალიან დამაფიქრებელი ფაქტია, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„იქ რამდენიმე კანდიდატი არის, მაგრამ თითოეული მათგანი გუნდს წარმოადგენს და არც ერთი ნეიტრალური ფიგურა არ არის. ამიტომ, ჩემი აზრით, ნებისმიერი კანდიდატის წამოყენება რომელიღაც გუნდს აძლიერებს. როცა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე დაიწყო ლაპარაკი, ყველა გაჩუმდა და მხოლოდ ერთმა ადამიანმა, კახა კალაძემ თქვა თამამად, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი ღირსეული კანდიდატი ჰყავსო. ანუ, ის ხედავს, რომ ეს არასწორი პოლიტიკაა, რადგან თუ პარტია ხარ, კეთილი უნდა ინებო და ასეთ სერიოზულ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობა უნდა მიიღო“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა განწყობები არსებობს და ნებისმიერი კანდიდატის წამოყენება ამ გუნდს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებლად აძლიერებს, მაგრამ ალბათ, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამდენ უაზრობას სჯობს, მათგან არც ერთი კანდიდატი არ იყოს.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ინტერვიუდან, რომელიც მან პირველ არხს მისცა.