პაატა ზაქარეიშვილი - გიორგი კვირიკაშვილის დროს გადაწყვეტილებები ან საერთოდ არ მიიღებოდა ან ძალიან გვიან, როცა უკვე აზრი არ ჰქონდა
ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილის მიმართ გულწრფელადაა გულაცრუებული, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ გულაცრუება კი, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„მას კორუფცია არავისთვის დაუბრალებია, რაღაც პრობლემებს ხედავს და მინიშნებებს აკეთებს, მაგრამ უფრო, ყურადღების კვირიკაშვილზე გადატანა სჭირდება. არჩევნებში ეს მოსულა. თუ კორუფცია არ გამოვლინდა და არავინ დაისაჯა, გამოდის, ეს მართლა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მე მართალი ვიქნები, მაგრამ თუ არჩევნებამდე ვიღაცები დაისაჯნენ, ვიტყვი, რომ ეს ასე არ ყოფილა. მე მაინც მგონია, რომ კვირიკაშვილი ახლა იმიტომ გაწირა, ეს არჩევნებისთვის სჭირდებოდა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამ განცხადებით პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, რა გახდა ბიძინა ივანიშვილის იმედგაცრუების მიზეზი გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, რადგან თავის დროზე, ორივე მათგანის ლობისტი იყო.
პაატა ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას, გიორგი კვირიკაშვილი იქაც კი ძალიან ფრთხილობდა, სადაც თავის თავში დარწმუნებული იყო, რადგან ძალიან ბევრ ძალებს უწევდა ანგარიშს.
„ეს ცუდია, რადგან გადაწყვეტილების მიღება ჯანჯლდებოდა და ან საერთოდ არ მიიღებოდა, ან ძალიან გვიან, როცა უკვე აზრი არ ჰქონდა. დასაწყისში, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცოდა ბევრი რამ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა იცოდა, მაგრამ მას გადაწყვეტილებების მიღება არ ეშინოდა და მათ თამამად იღებდა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.