პაატა ზაქარეიშვილი - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში გარედან პირდაპირ არ ერეოდა ისევე, როგორც ჩემ საქმეში არ ერეოდა
პაატა ზაქარეიშვილი - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში გარედან პირდაპირ არ ერეოდა ისევე, როგორც ჩემ საქმეში არ ერეოდა

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში გარედან პირდაპირ არ ერეოდა ისევე, როგორც ჩემ საქმეში არ ერეოდა, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მახსოვს, როდესაც პირველად დაიწყო მოძრაობები, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობას გარედან აკონტროლებსო, მე და სერგეენკო სადღაც ერთად ვიყავით და მას ვკითხე, ბიძინას ჩემთან არასდროს არ დაურეკავს და შენთან როგორ არის მეთქი? მანაც გულახდილად მითხრა ის, რისი განცდაც მქონდა – თვეებია, ჩემთანაც არ დაურეკავსო. დარწმუნებული ვარ, მას პრემიერ-მინისტრებთან შედარებით რეგულარული კონტაქტები ექნებოდა. ალბათ, კვირაში ერთხელ მაინც“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამ განცხადებით პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი მისი მხრიდან, მთავრობაზე გარედან კონტროლის საშუალების დაკარგვა იყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა კვირიკაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ის, რომ მასთან კონტაქტი კვირაში ერთხელაც არ მოხერხდა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი თავიდანვე მთლიანად მიუშვა, დიდი ხნით, რადგან მას ურჩევნია, პოლიტიკოსების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

„ეს მისი სტილია. ჩვენ ერთ წრეში ვტრიალებდით და ივანიშვილთან კვირიკაშვილისა და ღარიბაშვილის დამოკიდებულებას ვხედავდი. ვხედავდი, რამდენად ენდობოდა ის როგორც ღარიბაშვილს, ისე კვირიკაშვილს. ანუ, ივანიშვილის ინტერესებში მართლაც იყო, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გუნდი შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს უხელმძღვანელებს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, სხვა საკითხია, ბიძინა ივანიშვილი ამას რამდენად სწორად აკეთებდა, რადგან პოლიტიკოსები ქვემოდან მოდიან, მათ წლები სჭირდებათ, სხვადასხვა პარტიებში, ოპოზიციაში უნდა იყვნენ, იბრძოლონ, გარკვეული შეცდომები დაუშვან და ა.შ, პრემიერ მინისტრები კი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც, გამოუცდელობის ტალღიდან მოვიდნენ და მათ პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონიათ.

ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ უამრავი დაჯგუფება არსებობს და იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში არ იყო, ის გარედან აკვირდებოდა, ვინ როგორ იმოძრავებდა.

„დარწმუნებული ვარ, ეს ასე იყო და ამაში ცუდი არაფერია. ბევრი ლაპარაკი იყო „ქართულ ოცნებაში“ კვირიკაშვილის დაჯგუფებაზე, იგივე კალაძის დაჯგუფებაზე, ძველი თაობის, შესაძლოა, ახალგაზრდების და ა.შ.“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.