პაატა ზაქარეიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა სტრატეგიული პოლიტიკური გეგმა არასწორად დაგეგმა, რადგან შენ ვერ დაგეგმავ, საზოგადოებაში რამდენი პარტია უნდა იყოს
პაატა ზაქარეიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა სტრატეგიული პოლიტიკური გეგმა არასწორად დაგეგმა, რადგან შენ ვერ დაგეგმავ, საზოგადოებაში რამდენი პარტია უნდა იყოს

ბიძინა ივანიშვილმა სტრატეგიული პოლიტიკური გეგმა არასწორად დაგეგმა, რადგან შენ ვერ დაგეგმავ, საზოგადოებაში რამდენი პარტია უნდა იყოს, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„თუ დემოკრატიაა, საზოგადოება კანონის ფარგლებში უნდა მიუშვა და ის თავის წიაღიდან რამდენ პარტიასაც შექმნის, იმდენ პარტიას უნდა მიეცეს საშუალება, ხელისუფლებაში იყოს. როცა ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ევროპაში ძალიან არ მოსწონთ, ჩვენთან რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არისო, ცოტა არ იყოს, არადამაჯერებელია, რადგან საიდან მოვიდა ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა? მას შიგნითაც ყველა ეუბნებოდა, რომ ეს არასწორია“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ განცხადებით პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა დღევანდელი პოლიტიკური ვითარება იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი სტრატეგიული გეგმა ვერ შეასრულა, რადგან მთავრობა პოლიტიკიდან დაცლილია და ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს, მისი წარმოდგენითა და გრძელვადიანი ხედვით კი, საუკეთესო მართვის მოდელი ისაა, როცა პარლამენტში სამი სხვადასხვა პარტიაა, რომელთაგან უმრავლესობა არც ერთს არ აქვს და არის კოალიციური მთავრობა.

ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება იყო, მაგრამ როგორც ჩანს, პირადად მას და უმრავლესობას „ქართულ ოცნებაში“ დასჭირდათ გათვლები, რომ მათ ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით ყოფნა 2024 წლამდე სჭირდებოდათ, მაჟორიტარული სისტემა კი, ამის პირობებს იძლევა.

„თუ ივანიშვილი მართლაც გრძნობს, რომ მაჟორიტარული სისტემა მანკიერია, ხელს არაფერი უშლიდა, ეს სისტემა 2020 წელს გაუქმებულიყო. შესაძლოა, ამის წინააღმდეგი ოთხი-ხუთი მაჟორიტარი ყოფილიყო“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იმიტომ გადადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სჭირდება.

„ცალსახაა, ეს არჩევნები პირველი სერიოზული გამოწვევაა „ქართული ოცნებისთვის“, როგორც პარტიისთვის. კოალიცია რომ ყოფილიყო, სხვადასხვა პარტიები იქნებოდნენ, ერთმანეთს დაიცავდნენ, გააწონასწორებდნენ და პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველა პარტია გასულია და ყველა „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, რაც სერიოზული გამოწვევაა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.