პაატა ზაქარეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ უშველოს, თუ ვერ უშველა და პარტია დაიშალა, გული არ დასწყდება
ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ უშველოს და მიაჩნია, რომ მას ბოლომდე უნდა მიჰყვეს, მაგრამ თუ ვერ უშველა და პარტია დაიშალა, გული არ დასწყდება, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
ამ განცხადებით პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა იმის წარმოდგენა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გათვლა, „ქართული ოცნება“ იდეოლოგიურ ჯგუფებად დაიშალოს.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა მას კახა კალაძე რომელიმე ამ ჯგუფის ხელმძღვანელად, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ის ჯგუფის ხელმძღვანელი უკვე არის, რადგან თუ „ქართულ ოცნებაში“ რომელიმე ჯგუფია ფორმირებული, ეს კახა კალაძის ჯგუფია.
„დიდი ხანია, კახა კალაძეს თავისი ხედვები ჰქონდა და თავისი პიარ ჯგუფი ჰყავდა. გაიხსენეთ წყალდიდობა, როცა მერი არ ჩანდა და კალაძე ჩანდა. მას მთელი პიარ ჯგუფი დაჰყვებოდა და იღებდნენ. კლიპებზე ვლაპარაკობ, სადაც მერი, ნარმანია გვერდით ჰყავდა, მერი იდგა, მაგრამ კადრში მხოლოდ კალაძე ჩანდა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, კახა კალაძეს პოლიტიკური გემოვნება ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ აშკარად კარგი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, სადაც მემარჯვენე-ცენტრისტული ხედვები იგრძნობა.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია პარტია არ არის, რადგან მას იდეოლოგია არ აქვს და გარდა ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლებაში ყოფნის ფაქტორისა, გუნდის წევრებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ.
პაატა ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი ისე გახდა, მანამდე პარტიის წევრიც კი არ ყოფილა და უცებ გახდა წევრიც და თავმჯდომარეც, რაც არა კვირიკაშვილის, არამედ „ქართული ოცნების“ პრობლემაა.