პაატა სალია - სასამართლომ დაადგინა, როგორც ყარამანიშვილებს და „ტვ საქართველოს“ არ ეკუთვნის „რუსთავი 2“-ის წილები, ასევე არ ეკუთვნის ნინო ნიჟარაძეს
სასამართლომ დაადგინა, როგორც ყარამანიშვილებს და „ტვ საქართველოს“ არ ეკუთვნის „რუსთავი 2“-ის წილები, ასევე არ ეკუთვნის ნინო ნიჟარაძეს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის ცხრაპროცენტიანი წილის ყოფილ მფლობელზე, ნინო ნიჟარაძეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაატა სალიას თქმით, ნინო ნიჟარაძესთან არხის მოქმედ ხელმძღვანელობას კომუნიკაცია არ ქონია.
„ნინო ნიჟარაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია და არც გვექნება, რადგან სასამართლომ დაადგინა, როგორც ყარამანიშვილებს და „ტვ საქართველოს“ არ ეკუთვნის „რუსთავი 2“-ის წილები, ასევე არ ეკუთვნის ნინო ნიჟარაძეს. შესაბამისად, მასთან კომუნიკაცია და შეხვედრები, აზრს მოკლებულია. მე ვიცი, რომ მათ განცხადება შეიტანეს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და ედავებოდნენ დაახლოებით 30 თუ 40 მილიონს, ვერ გეტყვით ზუსტად თანხას, თუმცა ჩვენთვის ეს აქტუალური არ იყო. მესმის, რომ პროკურატურა თუ გამოავლენს რაიმე დანაშაულის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, თუ ვისია წილი, უნდა გააგრძელოს გამოძიება. თუმცა, ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, როცა შევიტყვეთ ამ გამოძიების დაწყებაზე და დღესაც, რომ ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის უფლებები არ არსებობს ამ კომპანიასთან მიმართებაში და ეს სასამართლომ დაადასტურა, დანარჩენს უკვე პროკურატურა გადაწყვეტს“, – განაცხადა პაატა სალიამ.