პაატა სალია - „რუსთავი 2“-ში ცუდი ფინანსური მდგომარეობაა, მოლოდინს ძალიან გადააჭარბა
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ არხზე ცუდი ფინანსური მდგომარეობაა და არსებობს პრობლემები.
„მოლოდინს ძალიან გადააჭარბა იმ სიტუაციამ, რაც დღეს არხზეა. ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა და ჩვენ ვმუშაობთ, ვფიქრობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე“, – განაცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აქედან გამომდინარე, მიიღებენ თუ არა არხის თანამშრომლები თვის ბოლოს ანაზღაურებას. სალიამ აღნიშნა, რომ „თვის ბოლოს ანაზღაურება უნდა მიიღონ თანამშრომლებმა“.
„იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც დაგვხვდა, ასევე გამოვიკვლიე გარკვეული გარემოებები, მოვიკვლიე ინფორმაცია, რა შეიძლება გაკეთდეს, ვთხოვე ფინანსურ სამსახურს ამ შაბათ-კვირის განმავლობაში რაღაცებზე ვიფიქროთ, რომ იქნებ დავსახოთ გამოსავალი. ველაპარაკე ქიბარ ხალვაშს, მასაც ვუთხარი. ამოცანა არის შესასრულებელი, არ არსებობს წინასწარ გარანტირებული რაღაცები. მე მგონი, ელემენტარულ რამეს ვამბობ“, – განაცხადა პაატა სალიამ.
პაატა სალიას განმარტებით, რაც შეეხება დარღვევებს, ისინი უნდა დადგინდეს და ამას დრო სჭირდება.
„არ მისაუბრია დარღვევებზე, დარღვევები უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს. ამას სჭირდება დრო, შეფასება და ა.შ. ეს არ არის ახლა მთავარი ამოცანა, რომ ვიღაცის დარღვევა ვეძებოთ. მთავარი ამოცანაა, ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე ვითარებიდან. ფინანსური აუდიტის შემოყვანა არაფერ შუაში არაა, მე მოვიყვანე ჩვენი ნდობით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც ფინანსურ საკითხებში კონსულტაციას გვიწევს და მასთან შეთანხმებით მოხდება ფინანსური ტრანზაქციები, თუმცა სამწუხაროდ, ახლა ამის შესაძლებლობაც არ არის“- აცხადებს არხის ახალი გენერალური დირექტორი.
არხის ახალი დირექტორი დღეს თანამშრომლებს შეხვდა და მისი თქმით, შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებს.
„ვაპირებ მოვიდე და ვიმუშაო, ვეძებო გზები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პარალელურად, არ შეფერხდეს საქმიანობა და ჟურნალისტებმა იმუშაონ, გააგრძელონ ისე, როგორც დღეს იმუშავეს, ხვალაც და ზეგაც ასე გააგრძელებენ. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ვვარაუდობ რომ ამ დღეებში გავივლი ქიბარ ხალვაშთან კონსულტაციებს და დაგიბრუნდებით. მასთან ამაზე საუბარი არ მქონია, ხვალ დილით მექნება ამაზე პასუხი, ხვალ საღამოს თუ ზეგ დილით ამას ვნახავთ“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
მისი თქმით, კანონის თანახმად, დირექტორს არ აქვს უფლება, მფლობელთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილება მიიღოს და მისი ვალდებულებები და უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია კანონითა თუ კონკრეტული წესდებით.