პაატა სალია - ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს კარგად იციან აქიმიძემ და დვალმა, საუბარი, რატომ მეტს არ მჩუქნი, არასერიოზულია
ტელევიზიის 50%-ის გადაცემა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი ვერ იქნება, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის დამფუძნებლების განცხადებას.
მისი თქმით, ლოგიკას მოკლებულია მათი განცხადებები, როდესაც დავით დვალი თავად აცხადებს, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის.
„თუ ვინმეს სარედაქციო პოლიტიკაში, ჩარევა უნდა, ის ამას მოახერხებს და 50%-იანი წილის გადაცემა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი არ არის. ეს ამ შემთხვევაში, ლოგიკურ არგუმენტად არ მიმაჩნია. ყოველდღიურობა გვაჩვენებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს ისე მუშაობას, როგორც ადრე მუშაობდა, ჟურნალისტებს ხელს არავინ არ უშლის. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მისცა მათ. ბოდიში, მაგრამ დათო დვალის განცხადება იყო, რომ ის აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ შემთხვევაში სად არის ლოგიკა? ორივე ამბობენ, რომ არ მოსწონთ და სხვანაირი უნდა იყოს არხი“, – აცხადებს სალია.
მისი თქმით, წილების გადაცემა ეს ქიბარ ხალვაშის კეთილი ნებაა და საუბარი მეტი წილის ჩუქებაზე არასერიოზულია.
„რაც შეეხება დვალისა და აქიმიძის ბრიფინგს, ეს იყო ფაქტობრივად გაგრძელება იმ კომენტარებისა, რაც მათ გააკეთეს ორი დღის წინ. 2015 წელს საჯაროდ ითქვა, რომ ხალვაში მზად იყო, დაეთმო 50%, მაგრამ ამ ზეპირი განცხადების მიღმა ასევე იყო ბევრი საუბარი, დისკუსია და ორი დღის წინ მათ შეხვედრაზე ითქვა, რომ დავანებოთ თავი, რაც აქამდე ითქვა და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან საუბარი – თქვით რას გვთავაზობთ. ქიბარ ხალვაშმა უთხრა, რასაც სთავაზობდა და ეს იყო კომპანიის 40%. ეს არის დიდი წილი და კომპანიის კონტროლის უამრავი მექანიზმი არსებობს და 40%-ის მფლობელს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ქიბარ ხალვაშმა ამით გამოიჩინა კეთილი ნება და ის არ არის ვალდებული თუნდაც 1 პროცენტი დაუთმოს ვინმეს და ეს მეორე მხარემაც კარგად იცის. საუბარი, რომ რატომ მეტს არ მჩუქნი, არასერიოზულია.
მე მანამდეც მქონდა შეხვედრა ჯარჯისთან, დათოსთან და მოვახსენე კომპანიაში არსებული მძიმე ვითარება, ასევე ნებისმიერ საკითხზე, რაც მათ სურდათ შემეძლო მიმეცა ინფორმაცია და თავად მათ უნდა გადაეწყვიტათ. როცა იღებ საჩუქრად წილს, მას მოყვება ვალდებულებებიც. როდესაც კომპანია არის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, თუ პარტნიორები ვართ, უნდა ვითანამშრომლოთ, თუმცა მათთან აქამდეც არ მისულა საუბარი რადგან 40%-ზე უარი თქვეს“,- აცხადებს სალია.