პაატა სალია - ჰაერზე ლაპარაკი, რომ „რუსთავი 2“-ის ქონება გაიზარდა, არ შეიძლება, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ დოკუმენტებით
პაატა სალია - ჰაერზე ლაპარაკი, რომ „რუსთავი 2“-ის ქონება გაიზარდა, არ შეიძლება, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ დოკუმენტებით

ჰაერზე ლაპარაკი, რომ „რუსთავი 2“-ის ქონება გაიზარდა, არ შეიძლება, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ დოკუმენტებით, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  დირექტორმა, პაატა სალიამ, ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, რომ ქიბარ ხალვაში როდესაც იყო ტელევიზიის მფლობელი, მაშინ არხის ქონება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე – ახლა, შესაბამისად ნიკა გვარამიას ინფორმაციით, არხის უკვე ყოფილი დამფუძნებლები უჩივლებენ ქიბარ ხალვაშს უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით.

პაატა სალიას თქმით, საკითხზე ზეპირად საუბარი რთულია და უმჯობესია „მათ სასამართლოს მიმართონ“.

„წინასწარ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. დაწერონ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში და შესაბამისად, ქიბარ ხალვაში იქნება, თუ კომპანია ამაზე აუცილებლად უპასუხებს. სამართლებრივი გზით პასუხს გავცემთ სასამართლოში. ამაზე ზეპირად საუბარი ძალიან რთულია. ჩემთვის ცნობილია, რა ღირებულების იყო იმ დროს ტელეკომპანია, ამაზე ჩვენ სასარჩელო განცხადებაშიც მივუთითეთ და ამის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნებიც არის. დღეს რა ღირებულების არის კომპანია არ ვიცი. შეიძლება კომპანია იყოს ნულს ქვევით, იმხელა დავალიანებები აქვს კომპანიას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კითხვაზე, არის თუ არა დღეს არხის ღირებულება გაზრდილი, პაატა სალია აცხადებს, რომ „ჰაერზე საუბარი“ არ შეიძლება.

„მიმართონ სასამართლოს, წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტაცია, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნა, ჩვენ ჩვენს პოზიციას დავასაბუთებთ. ჰაერზე ლაპარაკი, რომ გაიზარდა კომპანიის ქონება არ შეიძლება. თქვენ იცით, რა ტექნიკითაც მუშაობთ, იცით როდის არის ეს ტექნიკა შეძენილი და ძალიან ბევრი რამ არის ქიბარ ხალვაშის დროს შეძენილი და დღემდე მოსული ეს ტექნიკა. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, ვინ დაამატა, რა მოხდა, როგორ მოხდა, შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ვისაუბროთ დოკუმენტებით. თუ სასამართლოში მიდის ვინმე, ვუპასუხებთ სასამართლოში“, – განაცხადა პაატა სალიამ.