პაატა სალია - დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, მათ შორის „ინტერმედიასთან“, როდესაც მოგება უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს, მიიღო სხვა კომპანიამ
დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, მათ შორის „ინტერმედიასთან“, საუბარია 2015 წლის პერიოდზე და სხვა პერიოდებიც შესწავლის პროცესშია, როდესაც მოგება, რომელიც უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს, მიიღო სხვა კომპანიამ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.
როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არის ინტერესთა კონფლიქტი.
„ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, მათ შორის „ინტერმედიასთან“, აქ საუბარია 2015 წლის პერიოდზე და სხვა პერიოდებიც შესწავლის პროცესშია, როდესაც მოგება, რომელიც უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს, მიიღო სხვა კომპანიამ. სხვა კომპანიიდან ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ იქნა გატანილი ეს ფული, როგორც დივიდენდი და შემდეგ დარიგებული იყო კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი, რა საჩუქრის სახით, არ ვიცი, რა სახით და შემდეგ შეძენილია გარკვეული უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში. შესაბამისად, ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც გარკვეულწილად არხზე მომუშავე ჟურნალისტები თავს მიიჩნევენ, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, ანუ მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან, ასეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც დავალებული არიან სხვასთან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული. ჩვენი ამოცანა არის, ეს გუნდი იყოს ერთიანი, ეს გუნდი იყოს ძლიერი, ეს გუნდი იყოს კრიტიკული და თქვენ ამაში მალე დარწმუნდებით“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ზე ბევრი პროფესიონალი მუშაობს, ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას, მათ საქმიანობაში არავინ ჩარევას არ აპირებს, ამაში ყველა დარწმუნდება.
„ამ ეტაპზე არხის თხოვნაა, არხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, გავაგრძელოთ მუშაობა, „კურიერმა“ შეინარჩუნოს ის სიმშვიდე და კრიტიკულობა, რაც აქვს. ვიყოთ უფრო მეტად კრიტიკულები, მაგრამ როდესაც მეტ კრიტიკულობაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ კრიტიკა აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული. ნებისმიერ მთავრობას, ნებისმიერ სახელმწიფო სჭირდება „ვოთჩდოგი“. ვფიქრობ, „რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევს ძალა, დამოუკიდებლად გააგრძელოს საქმიანობა ისე, რომ მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა. მელაძისა და სხვების, მათ შორის ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან, იმ ზარალიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიას მიადგა. ვფიქრობთ, ისევე, როგორც გვარამიას წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ამ პირების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა და შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედაოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობაზე. აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.