პაატა სალია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამის შესახებ პაატა სალიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება არხის მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით მიიღო.
„საზოგადოებრივი საბჭოსთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის ის, რომ შემოთავაზება რაც გვქონდა, არ იქნა მიღებული ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს შემოთავაზება არ და ვერ იქნება რაიმეს გარანტია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ დღეს აქ დასაქმებულ ჟურნალისტებს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას სჭირდება გარკვეული დრო. ვფიქრობ, ამაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს ექნება მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი. გარდა ამისა, გარკვეული მოთხოვნები რაც იყო, მაგალითად, მესამე მოთხოვნა, რომ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაღალრეიტინგული გადაცემებისა და მაღალი რეიტინგის შენარჩუნება, ისეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დროს, რამაც შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალება მისცეს და იქნება გაუთავებელი კომენტარების, დროის კარგვის საფუძველი. არ მინდა, ამ გუნდთან მქონდეს ასეთი ურთიერთობა. ვცდილობ დავანახო მათ, რომ აქ ვარ მოსული იმისთვის, რომ ეს კომპანია უფრო წარმატებული, ძლიერი და რეიტინგული იყოს. დღითიდღე ამ ნდობას იმედია განვამტკიცებთ და ანალოგიური პასუხი იქნება მათგანაც. რა თქმა უნდა, გარკვეული ეჭვები არსებობს და ვიმუშავებ, რომ ის გაქარწყლდეს. აქ ვინმე ცუდი განზრახვით რომ მოსული, მისი განხორციელება შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში, ბორდი იქნება, თუ ნებისმიერი წერილობითი გარანტია. ვფიქრობ, თანდათან ყველა დარწმუნდება, რომ ის, რასაც ითხოვენ ჟურნალისტები, შესრულდება და არანაირი გარანტია, გარდა ჩვენი ნდობისა, საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ითხოვდნენ, შექმნილიყო არხის საზოგადოებრივი საბჭო, რომლის წევრებიც იქნებოდნენ ეკა გიგაური, სულხან სალაძე, გიორგი მშვენიერაძე, მიხეილ ბენიძე, ნატა ძველიშვილი, ნინო დანელია, ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში.