პაატა იმნაძე - ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს სიცხე და პნევმონია, ტესტირება უტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში
პაატა იმნაძე - ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს სიცხე და პნევმონია, ტესტირება უტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში

ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს სიცხე და პნევმონია, ტესტირება უტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და პნევმონიით, ხორციელდება არამარტო „ცხელების ცენტრებში“ და არამარტო „კოვიდ 19“-ის მიმღებ კლინიკებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“,- განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შევლენ თუ არა ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების კონსულტანტები, იმნაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ საჭიროების შემთხვევაში და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღება.

„ქვეყანას აქვს ტესტირების სტრატეგია არჩეული, ანუ მიზნობრივი ტესტირება და შემდეგ უკვე, რამდენიმე ხანია, მიზნობრივი ტესტირების გაფართოება. ყველაფერი ეტაპობრივად ხორციელდება. როდესაც საჭირო გახდება და ეპიდემიოლოგიურად ეს ჩაითვლება რეალურად შედეგის მომცემად, ეს დაიწყება.

მიზნობრივი ტესტირება ყოველთვის ამართლებს ხოლმე, რა თქმა უნდა, მასობრივ ტესტირებას აქვს თავისი დრო და ადგილი და გაკეთდება თავის დროზე“,- განაცხადა იმნაძემ.