პაატა იმნაძე - ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა, როგორც მოვახერხეთ და პრაქტიკულად, ავიცილეთ პირველი ტალღა, იმედია, გამოგვივა
პაატა იმნაძე - ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა, როგორც მოვახერხეთ და პრაქტიკულად, ავიცილეთ პირველი ტალღა, იმედია, გამოგვივა

გახსნების საკითხს ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რვა პროცენტზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი. ანუ 19 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა. იქიდან, რაც იყო დადებითი, არის დაახლოებით რვა პროცენტი. ეს პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით ათ პროცენტზე ქვემოთ გატესტილებიდან. ეს არის საიმედო მაჩვენებელი. მაგრამ, თავისთავად, 1 600 როდესაც არის ავადობა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ დაახლოებით 100-200 შემთხვევიდან ორ თვეში ავედით ხუთი ათასამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ პირველი თებერვლიდან, როცა გაიხსნება ბიზნესები და ბევრი გაიხსნება, ეს არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავუბრუნდეთ დღეში ხუთიათასიან მაჩვენებელს“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ შეძლებენ, ისევე აიცილონ თავიდან კორონავირუსის მესამე ტალღა, როგორც პრაქტიკულად, პირველი ტალღის შემთხვევაში მოხდა.

„ვცდილობთ, ისევე ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაშია, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად, თავიდან ავიცილეთ. იმედია, გამოგვივა. ვიმედოვნებ, თუ წესებს დავიცავთ, მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.