პაატა იმნაძე - შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი კიდევ გამოჩნდეს
ვნახოთ, რას იზამს ვირუსი და შემდეგი რა ვარიანტი გამოჩნდება, ეს ბუნებრივი მოვლენაა და სამწუხაროდ, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„კი, შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია. ბრიტანეთის და იგივე სამხრეთ აფრიკის მაგალითმა, სადაც „ომიკრონის“ ტალღამ ასე ვთქვათ, უკვე გადაიარა, აჩვენა, რომ როცა ეს ტალღა გადაივლის, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ „კორონა“ ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდება და სეზონებზე შეგვახსენებს ხოლმე თავს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის აცრილი. მდიდარ და ვთქვათ, დალაგებულ ქვეყნებში ადამიანები აიცრნენ და შეიძლება, ამ ქვეყნებში პრობლემა აღარ იყოს. სახელებითაც ჩანს, ხომ, სად, რომელ ქვეყნებში წარმოიქმნება ეს ახალი შტამები?! – სადაც აცრების მოცვა დაბალია და ასეთი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრია, სადაც აცრების მოცვა დაბალია. საუბარია დიდი რაოდენობით მოსახლეობაზე, თორემ საქართველოსნაირი მცირე მოსახლეობის ქვეყანაში ახალი შტამები არ წარმოიქმნება. ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ვნახოთ, რას იზამს ვირუსი, შემდეგი რა ვარიანტი გამოჩნდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა და სამწუხაროდ, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს“, – განაცხადა იმნაძემ.
ამ განცხადებით პაატა იმნაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დაასრულებს თუ არა 2022 წელს ორწლიან პანდემიას „ომიკრონი“ იმ შემთხვევაში, თუ „ომიკრონის“ შემდეგ კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ გაჩნდა.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში ახალი შტამი თებერვალ-მარტამდე არ გამოჩნდა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ პროგნოზებისგან თავს შეიკავებს, რადგან ჯერჯერობით ამის სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.
„სადღაც, რაღაც მუტაციები სულ ჩნდება. მთავარია, რომელი დაიწყებს ცირკულაციას და რომელი ფართოდ გავრცელდება. ასე რომ, ამ შემთხვევაში პროგნოზებისგან მე თავს შევიკავებდი, რადგან ამას სამეცნიერო მტკიცებულებები სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ გვაქვს“, – აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, არსებული ვაქცინების ეფექტიანობა ინფიცირების ხარისხში ნამდვილად შემცირდა, მაგრამ პრაქტიკულად, იგივე დარჩა მძიმე დაავადებისაგან დაცვაში, რეანიმაციაში არმოხვედრისგან დაცვაში და რაც მთავარია, იმაში, რომ ადამიანის სიცოცხლე დარჩეს ხელშეუხებელი.
„ამას ორი აცრა ძალიან კარგად აკეთებს და კიდევ უკეთესად აკეთებს ბუსტერი. ამაზე უკვე კვლევებიც გამოქვეყნდა, საკმოდ დამაჯერებელი მონაცემებით – ორჯერ აცრილს ცხრაჯერ ნაკლები შანსი აქვს, რომ კორონავირუსისგან, „ომიკრონისგან“ არ მოკვდეს და 42-ჯერ ნაკლები ვარიანტი აქვს, რომ გარდაიცვალოს, თუ დაბუსტულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.