პაატა იმნაძე - შემოდგომაზე მოსახლეობის 60 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს, რათა მომავალ ზამთარს მომზადებული შევხვდეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს.
როგორც იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა, ვაქცინით წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი, რათა ქვეყანა მომავალ ზამთარს მომზადებული შეხვდეს.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მაინც ქვეყანაში ვაქცინა იქნება. იცით, რომ იგივე „კოვაქსის“ პლატფორმას აქვს ხელშეკრულება „ფაიზერთან“ და „ბიოენტექთან“. ვაქცინის შესახებ, რომელსაც მინუს 70 გრადუსზე უნდა შენახვა, შეთანხმება მიღწეულია. იმედი გვაქვს, „ფაიზერის“ და „ბიონეტექის“ ვაქცინას ჩვენ თებერვლის მეორე ნახევარში მივიღებთ. ვაქცინა საშუალებას მოგვცემს, ყველაზე მაღალი რისკის ადამიანების, ჩემი კოლეგების, რომლებიც მუშაობენ პაციენტებთან, ვაქცინაცია დაიწყოს.
მთავარი და ძირითადი მაინც იქნება, რომ რამენაირად მოვახერხოთ, ვაქცინაციით მოცვა იყოს ძალიან მაღალი. ეს უკვე ზაფხულის ან შემოდგომის პერიოდში იქნება. რათა მომავალ ზამთარს (ეს ვირუსი სეზონურობას აჩვენებს) მომზადებული შევხვდეთ, მოსახლეობის უმრავლესობა, 60 პროცენტი ვაქცინირებული იყოს. ეს თავის მხრივ, მოგვცემს საშუალებას, რომ არ იყოს შეზღუდვები ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.